მთავარი ოპოზიციური ძალისთვის ელისაშვილის მოქალაქეებისა და გირჩების შეტევა დანარჩენ ოპოზიციაზე ქართული ოცნების თამაშია. როცა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილის გუნდზეა და დათმობაზეც ისინი უნდა წავიდნენ, შიდა გარჩევების წამოწყებას ოპოზიცია ოცნების პირდაპირ დაკვეთად აღიქვამს.
ნუ წვალობენ და თუ პარლამენტში შესვლა სურთ დროულად შევიდნენ - ამ გზავნილით, დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა მოქალაქეებმაც და გირჩის განაყოფმაც კიდევ ერთხელ მიმართეს.
ელისაშვილი კი ამტკიცებს რომ არ წვალობს და პოლიტიკური გადაწყვეტილებაც მისი და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლაზე უკვე მიღებული აქვს. ამბობს, ახლა მხოლოდ სხვა ოპოზიციურ პარტიებს ეხმარება დეპუტატის მანდატზე უარი არ თქვან. ისევ ფიქრობს რომ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე კომპრომატებით შეაშინეს და მათთან ინდივიდუალურ შეხვედრაზეც უარი ამიტომ თქვა.
ვინ შეაშინა ვაშაძე -მოქალაქეები მინიშნებას წინა ხელისუფლებაზე აკეთებენ. განსაკუთრებით კრიტიკულები ევროპული საქართველოს მიმართ არიან.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს დღეს ალეკო ელისაშვილისთვის პასუხი აღარ გაუცია. თუმცა გიორგი ვაშაძის თანაგუნდელები ფიქრობენ, რომ სტრატეგია აღმაშენებელმა და მისმა ლიდერებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს როდესაც ალეკო ელისაშვილს ცალკე შეხვედრაზე უარი უთხრეს.
გირჩის განაყოფი კი პოზიციას არ ცვლის და იაგო ხვიჩია ისევ აანონსებს, რომ ინდივიდუალურ კონსულტაციებს პარტიებთან გააგრძელებს. მიზანი საკონსტიტუციო ცვლილებებია - სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლით ბარიერის გარეშე.
გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი დარწმუნებულია რომ მისი ყოფილი თანაგუნდელების მოთხოვნა მოთხოვნად დარჩება, რადგან ოცნება ასე მარტივად დათმობაზე არ წავა.
გარჩევები რომ ოპოზიციაში ოცნებიდან მართული პროცესია, ეს ხელისუფლების ოპონენტებისთვის იმ განცხადებებითაც დასტურდება, რომელსაც პოლიტიკურ კრიზისზე ივანიშვილის თანაგუნდელები აკეთებენ.
პოლიტიკური ვაჭრობა იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში უფრო ინტენსიური გახდება, რადგან ოცნების ერთპარტიულ პარლამენტს ოპოზიციის მოთხოვნაზე გადაწყვეტილება აქვს მისაღები - შეუწყვიტოს თუ არა მათ დეპუტატის მანდატები.