სკანდალი, რომელმაც ახალი კორონავირუსის ეპიდემია გადაფარა. სახალხო დამცველმა 20 ივნისის სისხლიანი ღამის რაციის ჩანაწერები გაშიფრა.
ამ ჩანაწერებში არსად ისმის სროლის ბრძანება, ეს კი აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ხელისუფლებამ ან გაანადგურა ბრძანების გამცემის ხმა, რადგან ხალხს არ გაეგო, ვინ გასცა სისხლიანი ანგარიშსწორების განკარგულება ან „ქართულ ოცნებას“ 20 ივნისს რუსთაველზე მობილიზებული ჰყავდა ე.წ. ზონდერები იმისათვის, რომ ადამიანებისთვის დამიზნებით ესროლათ და არ ექვემდებარებოდნენ ცენტრალურ ბრძანებას.
„სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს (მინისტრსა და მის მოადგილეებს) არ გაუციათ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება. მინისტრისა და მისი მოადგილეების რაციის ჩანაწერებიდან (რომელიც საქმეში დევს) ირკვევა, რომ მათ კატეგორიულად გამორიცხეს რეზინის ტყვიების გამოყენების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეთოფეებმა, რომელთაც სამსახურებრივადაც და ადგილზეც დეპარტამენტის დირექტორი ხელმძღვანელობდა, გაისროლეს დაახლოებით 800-მდე რეზინის ტყვია, ხოლო დეპარტამენტის დირექტორს აღნიშნული ქმედებების აღსაკვეთად არავითარი საშუალებისთვის არ მიუმართავს. ამასთან, იგი ვალდებული იყო, შეესრულებინა საკუთარი უშუალო ხელმძღვანელების - მინისტრისა და კურატორი მოადგილის ბრძანებები. თუმცა საყურადღებოა ისიც, რომ მინისტრი და მისი მოადგილეები ჩვენებებში უთითებენ, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებისთანავე, მალევე მათთვის ცნობილი გახდა, თუმცა არ აკონკრეტებენ ზუსტ დროს. მიუხედავად ამისა არანაირი ღონისძიებისთვის არ მიუმართავთ, რომ მათი გაცემული ბრძანება შესრულებულიყო, მითუმეტეს, რეზინის ტყვიების გამოყენება არ იყო ერთჯერადი და ხანმოკლე ვადით. თუმცა, საგულისხმოა, რომ მინისტრისა და მისი მოადგილეებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდების საშუალება (პირადი ვერბალური კომუნიკაცია, რაცია, მობილური ტელეფონი, ტელეკომუნიკაცია და სხვა) გამოძიებას დადგენილი არ აქვს, ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები (გარდა გდდ-ს დირექტორის ზოგადი მითითებისა ხელმძღვანელობის ინფორმირების შესახებ) ამ გარემოებას არ ადასტურებს“, – წერია ანგარიშში.
სახალხო დამცეველის ყოველწლიური ანგარიში ხმაურიანი კიდევ ერთი ნაწილის გამო ხდება, ეს მეთოფეების დაკითხვის ოქმებია, რომლებიც წყლის წვეთიბით ჰგავს ერთმანეთს.
სპეცრაზმელები ამბობენ, რომ საკუთარი ინიციატივით ისროლეს. თუმცა პროკურატურის გამომძიებლებმა მათ ამ თვითნებობის გამო არც ბრალი წაუყენეს და არც პასუხისგებაში მისცეს.
პრაქტიკულად, დაკითხვა ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მეთოფეებისთვის ერთი კრიტიკული კითხვაც არ დაუსვამთ. ნინო ლომჯარია დაკითხვების ხელახალ სერიას ითხოვს. ომბუდსმენი ასევე ითხოვს, რომ რაციის ჩანაწერების ავთენტურობა დადგინდეს.
დავინახეთ, რომ შუა რგოლი, რომელიც იყო პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე, მისი მხრიდან იყო ბრძანების უგულებელყოფა ან უმოქმედობა, ასევე, არის შემთხვევები, როდესაც პირიქით, საწინააღმდეგო არის მოთხოვნილი, რომ რეზინის ტყვიები არ იყოს გამოყენებული. არის ეპიზოდი, როდესაც კითხულობენ, რომ იყენებენ, თუ არა რეზინის ტყვიებს, პასუხი არის, რომ არ იყენებენ", – აცხადებს ნინო ლომჯარია.