
"ევროპელი სოციალისტები" რომლებიც ერთპარტიულ პარლამენტში როგორც ოპოზიცია ისე შევიდნენ, ხელისუფლებას მოუწოდებენ ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად "დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები".
კერძოდ, ისინი ითხოვენ, 1 თებერვლიდან გაიხსნას საზღვრები და ამოძრავდეს ყველანაირი ტრანსპორტი, აღდგეს საჰაერო მიმოსვლა და ადამიანებს სურვილის შემთხვევაში ქვეყანაში შემოსვლის უფლება მიეცეთ, რეკომენდაციების სრული დაცვით.
„თუკი ხელისუფლება არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს ვითარების გამოსასწორებლად, საქართველოს მოსახლეობა გაზაფხულზე აღმოჩნდება უმძიმეს ვითარებაში სოციალურ - ეკონომიკური თვალსაზრისით. მიგვაჩნია, რომ პირველი თებერვლიდან ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა გახსნას საზღვრები და აამოქმედოს ყველა სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, საჰაერო მიმოსვლაც და ყველა უცხოელს, ყველა მსურველს მისცეს უფლება, ჩამოვიდეს საქართველოში, ბუნებრივია, „კოვიდ -19“ -თან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო რეკომენდაციის სრული დაცვით“, - ნათქვამია განცხადებაში.
პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები ასევე მიიჩნევენ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ საშუალება, აწარმოონ თავიანთი საქმიანობა რეკომენდაციების დაცვით და სახელმწიფომ დაუწესოს საგადასახადო შეღავათები მინიმუმ, სამი თვით.