ეპიდემიამ საეკლესიო ისტორია შეცვალა. ღვთის სადიდებელ ლოცვაზე დღეს მრევლი პირველად აღარ დაუშვეს. ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც მისი ეპარქიის 2 სასულიერო პირს კოვიდ 19 დაუდგინდა. ნიუ–იორკის ქართული ეკლესიის დეკანოზი სპირიდონ ნარსია ის სასულიერო პირია, რომლის ინფიცირების წყაროც ამ დრომდე დაუდგენელია. მრევლი შიშმა მოიცვა.
მეუფე საბა ის ერთადერთი გამონაკლისი აღმოჩნდა სინოდის სრული შემადგენლობიდან, რომელმაც პანდემიის ფონზე რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში მრევლისთვის ტაძრები დაიხურა, მათ შორის სააღდგომო მსახურებას მომლოცველები ვერ დაესწრებიან. მრევლი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სახლში შეხვდება.
სინოდის წევრის ეს გადაწყვეტილება განსხვავებული აღმოჩნდა ქვეყნის პატრიარქის მიმართვისგან. ილია მეორე სამწყსოსთვის ტაძრის დაკეტვის აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა მკაცრი შეზღუდვები იქნება მათთვის, ვინც საეკლესიო მსახურებაზე დასწრებას გადაწყვეტს. მრევლს მცირე ზომის ტაძრებში არ შეუშვებენ და წირვას ღია ცის ქვეშ მოუსმენენ. საკათედრო ტაძარში კი 2–მეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ.
საგანგებო მდგომარეობის და ქვეყანაში გამოცხადებული კომენდანტის საათის მიუხედავად, საპატრიარქო დათმობაზე არ მიდის. პატრიარქის სამდივნოს ამ გადაწყვეტილებას კი პოლიტიკურ უმრავლესობაშიც უჭერენ მხარს. ეპიდემიის მიუხედავად, მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ რწმენის გამოხატვის შეზღუდვა შეკრებების აკრძალვით დაუშვებელია.
კანონი რომ კომპრომისული არ უნდა იყოს, არ დაობენ თეოლოგები. სპეციალისტები ამბობენ, რომ მკაცრ შეზღუდვას ერი და ბერი ერთნაირად უნდა ემორჩილებოდეს. საპატრიარქოს პოზიციაში კი თეოლოგები დესტრუქციის ნიშნებს ხედავენ.
საპატრიარქოს საბოლოო გადაწყვეტილება აქვს მისაღები. წინ დიდი საუფლო დღესასწაულებია, აღდგომამდე კი 2 კვირაა დარჩენილი. მთელი საეკლესიო სამყარო ახლა ელოდება როგორი იქნება აღდგომის ღამე გამოცხადებული კომენდანტის საათის ფონზე. შესაძლოა, წელს პირველად მთელი ისტორიის განმავლობაში, აღდგომის ღამის ლიტურგია დილით ჩატარდეს.