ხურვალელი დათა ვანიშვილის შვილიშვილი, მალხაზ ვანიშვილი, რომელმაც ცხინვალში სუიციდი სცადა და დიდი რაოდენობით აბები მიიღო, უკეთ გრძნობს თავს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის დირექტორი ლუდა სალია ამბობს, რომ ვანიშვილი ოკუპაციის მსხვერპლია და მისი შველაა საჭირო.
"ეს ბიჭი ოკუპაციის მსხვერპლია, თავის მოკვლა იმიტომ სცადა, რომ თავის მეუღლესთან შეხვედრას ვერ ახერხებს. ცოლი ფეხმძიმედაა და მასაც უნდა, რომ როცა პირველი შვილი უნდა გაუჩნდეთ, ქმარი მის გვერდით იყოს.იქნებ, ყველამ ერთად მოვახერხოთ მისი შველა, იქნებ შევძლოთ, რომ ცოლ-ქმარი ერთად იყოს", - ამბობს ლუდა სალია.
მალხაზ ვანიშვილმა სუიციდი გუშინ სცადა. როგორც "მთავარს" დავით ვანიშვილის მეუღლემ, ვალია ვანიშვილმა განუცხადა, მისი შვილიშვილის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ოკუპანტებმა მალხაზი და მისი მეუღლე ერთმანეთს იძულებით დააშორეს.
9 თვის ფეხმძიმე თათია ადიკაშვილი ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს, მეუღლე კი ოკუპანტების. მათ მავთულხლართები ჰყოფთ და ერთმანეთს ვეღარ ნახულობენ. ვალია ვანიშვილის თქმით, შვილიშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სასწრაფოს მისი გადაყვანა ცხინვალის საავადმყოფოში აქვთ დაგეგმილი.