ალეკო ელისაშვილი მარტო დარჩა - თანამშრომლობაზე "გირჩიც" უარს ამბობს

გამოქვეყნდა:

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ ველზე მარტო დარჩა.პარტია მოქალაქეები ოპოზიციურ ერთობას საბოლოოდ გამოეთიშა და ქართულ ოცნებასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების მზადყოფნა ღიად გამოთქვა. ელისაშვილმა ტრადიციას არც დღეს უღალატა. მოქალაქეების ოფისიდან ოპოზიციის მისამართით კვლავ ბრალდებები ისმოდა.

ოპოზიციურ ერთობაზე ღიად გალაშქრების გამო ალეკო ელისაშვილთან პოლიტიკურ თანამშრომლობაზე უარს ამბობს პარტია "გირჩიც", თუმცა იაგო ხვიჩია ელისაშვილი-გირჩის ალიანსის ინიციატივის განხილვას ოპოზიციის საერთო შეხვედრებზე დამოუკიდებლად აპირებს და შეეცდება დაუმტკიცოს დანარჩენ პარტიებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად გამოყენება ოპოზიციისთვის ტაქტიკურად სწორი გადაწყვეტილება იქნება.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ახლა ქართული ოცნების წინადადების მოლოდინშია. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 54 დეპუტატი უკან დახევას არ აპირებს და ოლიგარქის გუნდთან პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა ვერსიებს განიხილავს.

ერთადერთი ვინც პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლისთვის დათმობაზე უნდა წავიდეს მმართველი პარტიაა. ოპოზიციის ხელში კი ამ პოლიტიკურ ბრძოლაში მთავარი არგუმენტი თანმიმდევრულობაა.

ოპოზიციის პოლიტიკურ ნაბიჯებში თანმიმდევრულობას ხედავს ყველა, პარტია გირჩის განაყოფის გარდა. იაგო ხვიჩიამ დღეს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი ერთ დღეში შეცვლილი პოზიციის გამო ღიად გააკრიტიკა, პოლიტიკურ სიმხდალეში დაადანაშაულა და არათანმიმდევრული ნაბიჯების გამო პოლიტიკური ველიდან გაქრობაც კი უწინასწარმეტყველა.

გიორგი ვაშაძის ნაცვლად გირჩის ბრალდებებს მისმა თანაგუნდელებმა უპასუხეს. ამბობენ, რომ სტრატეგია აღმაშენებელი ნებისმიერ ინიციატივას მხოლოდ საერთო ოპოზიციურ ფორმატში განიხილავს.

ოპოზიციისთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმების პროცედურა ახლოვდება. თებერვალში ერთპარტიულმა პარლამენტმა დეპუტატების უფლებამოსილების შეჩერების საკითხს კენჭი უნდა უყაროს. პარტია მოქალაქეების შემდეგ კიდევ ვინ წამოეგება ქართული ოცნების პოლიტიკურ ხაფანგს და ვინ ივაჭრებს ხალხის მიერ მინიჭებული მანდატით მომდევნო თვეში გახდება ცნობილი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი