
სალომე ზურაბიშვილი 21-23 იანვარს ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატო-ს ლიდერებს შეხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში.
22 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ასევე, ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რის შემდეგაც მედიისათვის ონლაინფორმატში ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
„პრეზიდენტის ვიზიტი ასევე გამოირჩევა ორი გარემოებით. ერთი, ეს არის „კოვიდ 19“-ის პანდემია, რომელიც ძალიან აქტიურად განსახილველი თემა იქნება და მეორე გარემოება არის საქართველოს გაჟღერებული სურვილი, რომ 2024 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად გააკეთოს ოფიციალური განაცხადი. განსახილველი თემა იქნება, როგორ ვემზადებით ამისთვის და რა ეტაპები უნდა გაიაროს საქართველომ. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ და სექტორულ ინტეგრაციაზე, როგორც სრული ინტეგრაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯზე. წელს უნდა ჩატარდეს ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ეს თემაც ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია“ - განაცხადა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი შეხვდება ბელგიის მეფეს და ასევე, კულტურული ფესტივალის - Europalia წარმომადგენლებს.
„როგორც ცნობილია, ორ წელიწადში საქართველო ამ ფესტივალის მთავარი სტუმარი იქნება. პრეზიდენტის პატრონაჟი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში“, - აღნიშნა ნატალი საბანაძემ.