საქმის მასალებში მელაშვილი ამბობს, რომ დავითგარეჯთან საზღვრის ღიად დატოვება მისი დამსახურებაა - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

კარტოგრაფ ივერი მელაშვილის ადვოკატი ედვარდ მარიკაშვილი "დღის სტუმარში", "მთავარ არხზე", ამბობს, რომ პროკურატურამ ჩანაწერი არასრულად წარმოადგინა. 

"საქმის მასალებში არსებობს კონკრეტული ჩანაწერები, ხოლო ივერი მელაშვილი იქვე ამბობს, რომ მისი დამსახურებაა ის, რომ დავითგარეჯის მიმდებარედ საზღვარი შეთანხმებული არ არის და რაც შეთანხმებულია, საძოვრები, ისიც შეთავაზებულია კომისიის სამართლებრივი ბაზის ფარგლებში.

პროკურატურა კი მანიპულაციურად ცდილობს წარმოჩინოს, რომ ის ერთადერთი ხაზი იყო, სადაც საზღვარი უნდა გავლებულიყო და შემდგომში, 2007-2008 წლებში, თითქოსდა, ამ პოზიციიდან უკან დაიხია სახელმწიფომ", - ამბობს მარიკაშვილი

ადვოკატი, ასევე ხაზს უსვამს, რომ საქმის მასალებში არსებობს კონკრეტული ჩანაწერი, სადაც ივერი მელაშვილი ამბობს, რომ პირველი შეთავაზება დავითგარეჯთან დაკავშირებით 1995-96 წლებში გაკეთდა. 

პროკურატურამ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას დაკავებიდან 4 თვის შემდეგ, 0 იანვარს ბრალი დაუზუსტა. უწყება ამბობს, რომ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე მოტივებთან დაკავშირებით ყველაფერია აღწერილი.

13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. პროკურატურა ამბობს, რომ მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული.

შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ არ გაითვალისწინა 200-ზე მეტი ადამიანის თხოვნა მათი თავდებობის შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ, წინასასამართლო სხდომა კი 28 იანვარს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ილიჩოვა სიგელით დააჯილდოვა და საზღვრს დაცვის წარმატებით შესრულება მიულოცა, 2019 წელს კი მაშინდელამ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ, ილიჩოვა ღირების ორდენით დააჯილდოვა. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი