თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გაბუნიას დაგეგმილი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. შესაძლოა, პროცესზე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდენ გიორგი გაბუნია და ვასამბეკ ბოკოვი - "მთავარის" ინფორმაციით, ბოკოვი პროცესს დაესწრება.
გიორგი გაბუნიასა და ვასამბეკ ბოკოვის გარდა, დღეს დაიკითხება "მთავარი არხის" გენდირექტორი ნიკა გვარამია, ასევე, გიორგი გაბუნიას დაცვის წევრი.
"თუ ბოკოვი დაესწრება დღევანდელ პროცესს, შესაძლოა, ერთმანეთის პირისპირაც აღმვჩნდეთ, არ ვიცი, როგორ მოიქცევა, რას მკითხავს", - ამბობს გიორგი გაბუნია.
შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით - ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, "მთავარი არხის" ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, საქმე ეხება გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადებას, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქართველ სამართალდამცავებს უკრაინელმა კოლეგებმა გადასცეს. ჩვენი ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდაცია რამზარ კადრიოვის დაკვეთა იყო.
აქვე, 2020 წლის 27 ნოემბერს მაგომედ გუციევს ბრალდება წარედგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის.