გიორგი გაბუნიას დაგეგმილი მკვლელობის სქმეზე დაწყებულ სასამართლო პროცესს დღეს თავად ვასმბეგ ბოკოვი დაესწრო. ეს შესაძლო ქილერისა და მისი სამიზნის პირველი შეხვედრა იყო.
ვასამბეგ ბოკოვი, მთელი პროცესის განმავლობაში გიორგი გაბუნიას დაჟინებით ათვალიერებდა, თვითონ გიორგი გაბუნიამ კი თქვა, რომ, შესაძლოა, მან დღეს თავის პოტენციურ მკვლელს ჩახედა თვალებში.
"ვერ ვიტყვი, ინფორმაციას აგროვებდა, მკვლელობას ამზადებდა თუ რა როლი ჰქონდა, მაგრამ ასე, ვიზუალურად რომ შეხედავ, ჰგავს. შესაძლოა, ეს იყოს ის, ქილერი, რომელსაც ჩემი ლიკვიდაცია უნდა მოეხდინა და მით უმეტეს, ამას მხოლოდ ვიზუალური მხარიდან გამომდინარე არ ვამბობ, ინფორმაციის მიხედვით,რომელიც მე სუსმა მომაწოდა, როდესაც დაზარალებულად მცნეს, მას აქვს გავლილი შესაბამისი ფიზიკური მომზადება, აქვს კრიმინალური წარსული, იძებნებოდა სხვადასხვა ქვეყანაში მკვლელობის საქმეებისთვის და ასე რომ, არ გამოვრიცხავ, დღეს მე ჩემს პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში", - თქვა გიორგი გაბუნიამ.
მისივე თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ საფრთხემ გადაიარა, მით უმეტეს, რომ დაკვეთა პუტინისგან მოდის.
"როდესაც დამკვეთი არის პუტინი, რა თქმა უნდა, ეს ასე არ სრულდება და მე არ მაქვს იმის ილუზია და მოლოდინი, რომ ამ ერთი ადამიანის დაკავებით რუსეთის პრეზიდენტის შურისძიების სურვილი დასრულდა, - დაამატა გიორგი გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით - ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, "მთავარი არხის" ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, საქმე ეხება გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადებას, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქართველ სამართალდამცავებს უკრაინელმა კოლეგებმა გადასცეს. ჩვენი ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდაცია რამზარ კადრიოვის დაკვეთა იყო.
აქვე, 2020 წლის 27 ნოემბერს მაგომედ გუციევს ბრალდება წარედგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის.