დღეს პარტია "გირჩმა" აშშ–ის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
გირჩიდან აშშ–ის საელჩოში შეხვედრას იაგო ხვიჩია, სანდრო რაქვიაშვილი და ვახტანგ მეგრელიშვილი ესწრებოდნენ.
მეგრელიშვილი ამბობს, რომ აშშ–ის საელჩოში ისეთივე ექსტრა–ორდინალური იდეები მოისმინა, როგორიც თავში თვითონ მოსდის და მოელის, რომ "ურემი გადაბრუნდება", რაშიც "ოცნების" მიერ ოპოზიციური პარტიების პარლამენტს გარეთ დატოვებას გულისხმობს.
"თუ ჩვენს ინტერესშია, მეხუთე რაუნდი, ზოგადად მოლაპარაკებები და შერიგება მოხდეს ამ ქვეყანაში ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის, ზოგადად პოლიტიკური ძალები ერთმანეთს არ ეჩხუბებოდნენ, რაიმე ესქტრა–ორდინალურია გასაკეთებელი და ძალიან გამიხარდა, რომ დაახლოებით მე რომ მომდის ხოლმე ისეთი იდეები, აშშ–ის საელჩოში მოვისმინე.
გამოწვევა გვაქვს შევძლებთ თუ არა, საკუთარი პოზიციების ისე ახსნას, რომ შემდეგ არ აღმოვჩნდეთ, როცა უკვე ურემი გადაბრუნდება... და ურემი გადაბრუნდება, სავარაუდოდ თუ არაფერი არ მოხდა ნაციონალურ მოძრაობას და მთელ ოპოზიციას "ქართული ოცნება" გარეთ დატოვებს... ურემის გადაბრუნების შემდეგ, გვექნება საფიქრალი რა გავაკეთოთ. პარტია გირჩი "ქართულ ოცნებას" და ამ პარლამენტს არ გააპრავებს, დარჩება ქუჩაში ოპოზიციასთან ერთად. " , – ამბობს პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი
ოპოზიციის მანდატების გაუქმებამდე კი დღეები რჩება. არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა ეს პერიოდი :
რჩება ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკუთარ გადაწვეტილებებს და მოლაპარაკებების პირობებს გადახედონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ - ამბობს თალაკვაძე.
ცნობისთვის, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, ელჩების ფასილიტატორობით, "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის სავარაუდოდ შემდეგ კვირაში გაიმართება.