მეხუთე რაუნდი სავარაუდოდ მომავალ კვირას ჩაინიშნება - მანდატების გაუქმებამდე რამდენიმე დღე რჩება

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას ერთკვირიანი ვადა მისცა. არჩილ თალაკვაძე იმუქრება, რომ თუ ოპონენტები უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე, მათ უახლოეს დღეებში უფლებამოსილება შეუწყდებათ.  გაყალბებული არჩევნებისა და მიტაცებული ხელისუფლების გამო, ერთპარტიულ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და დეპუტატის მანდატის გაუქმებას 51 ოპოზიციონერი ითხოვს. 

ვიდრე ერთპარტიული პარლამენტი მანდატების შეწყვეტის სხდომას გამართავს, იქამდე გადამწყვეტი მეხუთე რაუნდი გაიმართება. ელჩების მონაწილეობით შეხვედრა სავარაუდოდ, მომავალ კვირას ჩაინიშნება. ოპოზიცია იქ ისევ თავისი უცვლელი მოთხოვნებით მივა: რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გამოშვება. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გაკეთებული განაცხადი არ გადაიხედება და გაზაფხულიდან პროცესები ქუჩაში, საპროტესტო აქციებით
გადაინაცვლებს. 

თუ მთავარი ოპოზიციური პარტია, "ნაციონალური მოძრაობა" დეპუტატის მანდატების მიღებაზე ვერ დაითანხმეს, მაშინ, ერთპარტიულ პარლამენტში შესვლაზე ისინიც უარს იტყვიან. ამბობენ, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის გზებს ეძებენ და დღეს პირველი შეხვედრა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან გამართეს. ირკვევა, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორიც ეძებს და მათ შორის "გირჩის" წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ეს შესაძლოა ექსტრაორდინალური ინიციატივაც იყოს. 

ოპოზიციური ერთობიდან დღეს საბოლოოდ გავიდა ალეკო ელისაშვილი. ლევან იოსელიანთან ერთად პარლამენტში დილიდან მივიდა და არჩილ თალაკვაძის კაბინეტში "ოცნების" ლიდერებთან 2 საათიანი დახურული შეხვედრა გამართა. თუმცა, მოლოდინი იმისა, რომ ივანიშვილის გუნდი რამეს დათმობდა მოლოდინად დარჩა. ისინი მხოლოდ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს თანხმდებიან. არ განიხილავენ არც რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას და არც პოლიტ პატიმრების გამოშვებას. გაურკვეველი დარჩა რის სანაცვლოდ შეიძლება შევიდეს პარლამენტში "მოქალაქეების" ლიდერი. 

თვითონ არ თქვეს როდის შეუდგებიან დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელებას, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ეს საგაზაფხულო სესიის დასაწყისში მოხდება. არჩილ თალაკვაძე აანონსებს, რომ თებერვალში პარტია "მოქალაქეების" გარდა, საკანონმდებლო ორგანოში სხვა ოპოზიციური პარტიაც შევა, თუმცა, ვის ელოდება აღარ დაუკონკრეტებია. ხელისუფლების ოპონენტებმა "ოცნებას" კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ორი დეპუტატის დამატებით ერთპარტიული პარლამენტი მრავალპარტიული ვერ გახდება და მანდატის მიღება ახლა მხოლოდ "ოცნებაში" შესვლას ნიშნავს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათი გეგმები არ შეიცვლება და ივანიშვილის გუნდს გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მაინც მოუწევს. 

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი