შეზღუდვების დიდი ნაწილი რჩება - მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დაიგეგმა

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებას მოქალაქეების  უკმაყოფილება მოჰყვა. ხალხი, ვისთვისაც  მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილების მთავარი საშუალებაა, ფიქრობს, რომ ხელისუფლება მათ მძიმე მდგომარეობაში აყენებს. 

ვითარებას კომენდანტის საათის პირველ მარტამდე გადაწევაც ართულებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, თუმცა, სამი ქალაქი - თბილისი, რუსთავი და ქუთაისი გამონაკლისია. რაც შეეხება სწავლას, ამ სამი ქალაქის გარდა, მოსწავლეები საკლასო ოთახებში  პირველი თებერვლიდან დაბრუნდებიან.

შეზღუდვები ეტაპობრივად შემცირდება და პირველი თებერვლიდან მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები მუშაობას განაახლებენ, თუმცა შაბათ-კვირას, როდესაც ყველაზე მეტი სავაჭრო ბრუნვა უნდა ჰქონდეთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, იკეტებიან. ეს კი მოლების წარმომადგენლების პროტესტს იწვევს.  

მთავრობის გადაწყვეტილებით ტურიზმი საბოლოოდ დასამარდა - ასეთია ტურიზმის სფეროში დასაქმებულების პოზიცია. საბაგიროს, რესტორნების და სასტუმროების  არ გახსნა, მათთვის გაკოტრების განაჩენია.

მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ რესტორნების მფლობელებიც. მიუხედავად იმისა, რომ პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენები აღდგება, ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტს მომსახურებას ვერცერთი ტურისტული სფერო ვერ გაუწევს.

მთავრობას სრულ უყურადღებობაში ადანაშაულებენ ფიტნეს სფეროში დასაქმებულებიც. შეზღუდვების შემსუბუქება სპორტულ დარბაზებს არცერთ ეტაპზე არ შეხებია. იმისთვის, რომ მთავრობის ყურადღება მიიქციონ, სპორტული დარბაზების მფლობელები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან ფიტნეს სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობის გარდა, ორშაბათს აქციას გამართავენ "ახალგაზრდა მწვანეებიც" - მოთხოვნა ერთია - აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და გაუქმდეს კომენდანტის საათი.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი