მალხაზ ვანიშვილმა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მძიმე ზეწოლების შესახებ, ხურვალეთის პოლიციაში, 5 საათიანი დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა. მამაკაცი ყვება, როგორ აიძულებდნენ ოკუპანტები სიცოცხლის ხელყოფის მუქარით და შეეგინა ოსურ ენაზე საქართველოსა და ქართველების მიმართ. ამ ყველაფერს კი ტელეფონით იღებდნენ.
მალხაზ ვანიშვილი ამბობს, რომ ასეთი შემთხვევის შემდეგ მან თავის მოკვლაც სცადა და დიდი რაოდენობით მედიკამენტები დალია. ახალგაზრდა კაცი იძულებული გახდა, ოკუპანტებს გამოქცეოდა და ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულიყო, სადაც მას 9 თვის ფეხმძიმე მეუღლე ელოდა.
ვანიშვილი ქართული პასპორტის გარეშე დაბრუნდა, რადგან ოკუპანტებმა პასპორტთან ერთად მას სხვა პირადი დოკუმენტაციაც წაართვეს. ფორმიანებს გამოქცეულ ახალგაზრდას შეიარაღებული რუსები დღეს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ისინი მისულები იყვნენ ვანიშვილების ბებიასთან და ბაბუასთან, რომლებსაც შვილიშვილის ადგილსამყოფელის დასახელება მოსთხოვეს.
მალხაზ ვანიშვილმა რამდენიმე კვირიანი განშორების შემდეგ, მისი ფეხმძიმე მეუღლე, თათია ადიკაშვილი ნახა, რომელიც მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი ამბობს, რომ წყვილს დახმარება ესაჭიროება რადგან, ისინი რამდენიმე დღეში შვილს ელოდებიან და თავშესაფარი არ აქვთ.
ახალგაზრდა წყვილი ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში 2 თვის წინ, 80 წელს გადაცილებული დათა ვანიშვილის მოსავლელად გადავიდა, რომელიც მძიმედ იყო ავად და საქართველოს ხელისუფლება ვერაფრით ეხმარებოდა.
ოკუპანტებმა მოხუცის შვილიშვილი დააკავეს, ცხინვალში გადაიყვანეს და მოსთხოვეს, რომ დე ფაქტო მთავრობისთვის ე.წ. მოქალაქეობა მოეთხოვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაპატიმრებით დაემუქრნენ. მაშინ, მოქალაქეობა მხოლოდ მალხაზ ვანიშვილს მისცეს, მისი ცოლი კი "დაადეპორტეს". წყვილი მავთულხლართების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდა, ახლა ცხოვრებას ისევ ერთად გააგრძელებენ, იმ იმედით რომ მთავრობა დაეხმარებათ და თავშესაფარს მიიღებენ.