პროექტი, რომელიც 55 მილიონი ლარი დაჯდა, ფუჭდება. ეგრეთწოდებული ბერმული ტიპის ნაგებობა, როლითაც ბათუმის ახალი ბულვარის ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩაატარეს და ამაში კოლოსალური თანხა გადაიხადეს, ზღვაში ჩადის. ბათუმელები, რომლებიც შავი ზღვის ამ მონაკვეთს კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ პროცესი არ გაჩერდება. მეტიც: დინება, სულ მცირე, სამ წელიწადში ამ უზარმაზარ ქვებს ძველი ბულვარის მიმართულებით წაიღებს.
ეკოლოგი კახა გუჩმანიძე დარწმუნებულია რომ ასეთი უხეში ჩარევა ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს უახლოეს მომავალში. სპეციალისტი ადგილობრივების მოსაზრებას იზიარებს და აცხადებს რომ ბერმული ტიპის ნაგებობებით, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ჩაყარეს, გაანადგურეს ახალი ბულვარი და საფრთხე შეუქმნეს ძველ ბულვარსაც.
პირველი ნაწილი დაჯდა 5 მილიონ 300 ათასი ლარი და მეორე ნაწილი 55 მილიონი. - რატომ გაძვირდა ესე? - კორუფცია. აქ ძალიან დიდი ფული გააკეთეს და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ყულაბაში ჩაყარეს. ამ ყველაფრის სათავეში დგანან მაია ცქიტიშვილი და ბიძინა ივანიშვილი, - ამბობს რეზო ხარაზი.
ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელსაც კორუფციაში ოპოზიცია პირდაპირ ადანაშაულებს, დღეს ამბობს, რომ პროერქტი წარმატებული იყო. თუმცა არაფერს ამბობს იმაზე რომ თანხა უკვე გახარჯულია, 2019 წელს დასასრულებელი სამუშაოები კი დღემდე შეუსრულებელი. ბოლომდე არ არის მიყვანილი ნაპირსამაგრი სამუშაოები და ახალი ბულვარის მთელ იგრძეზე არ არის დამონტაჟებული განათებები, რომელიც პროექტით იყო გათვალისწინებული.
ნაპირსამაგრი სამუშაოები ამ ტერიტორიაზე ადრეც ტარდებოდა. მაშინ ზღვაში წელიწადში ერთხელ ქვა-ღორღს ყრიდნენ და შტორმისგან ნაპირს ამით იცავდნენ, რაც გაცილებით იაფი ჯდებოდა. ჩნდება მარტივი კითხვა, რა საჭირო იყო კოლოსალური თანხის გადახდა პროექტში, რომელიც არ მუშაობს და რეალურდ სად წავიდა, ვის ჯიბეში დაილექა ეს ფული.