სასწრაფოს ექიმი, რომელსაც კოვიდ 19 დაუდასტურდა, 11 გამოძახებაზე იმყოფებოდა. ახლა ექიმის 30-მდე კოლეგა კარანტინშია გადაყვანილი. პაციენტები, კი რომლებთანაც ინფიცირებული ექიმი გამოძახებებზე იყო თვითიზოლაციაში არიან.
ინფიცირებული ქალი ე.წ. ფულის კლასტერს მიეკუთვნება. როგორც ირკვევა, მას კოვიდ 19 ქმრისგან გადაედო, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში მუშაობდა.
ამირან გოგიტიძე ადასტურებს, რომ მეორე განყოფილების ექიმი გამოძახებებზე სრული აღჭურვილობით დადიოდა. რამდენ ხანს ეყოფათ ექიმებს სრული სამედიცინო ეკიპირება, ამ დროისთვის, ზუსტი პასუხი არ არსებობს.
კოვიდის მიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში მაქსიმუმ 2 კვირის მარაგია. ხელისუფლება მწირ მარაგს საპანიკოდ არ მიიჩნევს. აცხადებენ, რომ ხელშეკრელებების დადება მომწოდებელ კომპანიებთან მიმდინარეობს და მარაგები პერიოდულად ივსება.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები, მცირე სამედიცინო აღჭურვილობის შესახებ პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ თუ ქვეყანაში ინფექცია უცებ იფეთქებს, ექიმები კი სპეციალური აღჭურვილობის გარეშე დარჩებიან, რისკი არსებობს, რომ სამედიცინო პერსონალის დეფიციტი გაჩნდეს. ექსპერტები ხელისუფლებას მარაგების დროული შევსებისკენ მოუწოდებენ.
კოვიდ მიმღებ საავადმყოფოებში, რომ არ არის საკმარისი სპეციალური აღჭურვილობა ამას თავად ექიმებიც ადასტურებენ. მათ იმედი აქვთ, რომ მარაგი დროულად შეივსება და ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ექიმები აღჭურვილობის გარეშე არ დარჩებიან.
ექიმებს სიფრთხილისა და რეკომენდაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ამირან გამყრელიძე სამედიცინო პერსონალისგან მკაცრად მოითხოვს, საკუთარ რესურსს გაუფრთხილდნენ და ინფიცირებისაგან თავი მაქსიმალურდ დაიცვან.
სამედიცინო აღჭურვილობის სიმცირე პანდემიასთან მებრძოლ ყველა ქვეყანას აქვს. ამიტომ, მოახერხებს, თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო საავადმყოფოებში სპეციალური აღჭურვილობის მარაგის დროულ შევსებას, უცნობია. ექიდემიოლოგები კი კოვიდ 19-ის ეპიდემიურ აფეთქებას აპრილის შუა რიცხვებიდან ელოდებიან.