გაყალბებული არჩევნების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" რეგიონებში პარტიული აქტივის დასაქმება დაიწყო. 500-მდე ადამიანი გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში შტატ-გარეშე თანამდებობას იკავებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისის აღმასრულებელი მდივანი, კახა ლობჟანიძე ამბობს, რომ გელა კაპანაძის თანამშრომლები "ოცნების" ოპონენტების შეხვედრების ჩაშლას ცდილობდნენ და ხელისუფლების დავალებით, აქციას "მთავარ არხთან" და ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის საცხოვრებელ სახლთან მართავდნენ.
"ფარნა მახოხაშვილი, ნიკა ბერძენიშვილი, უჩა მშვიდობაძე - ეს გახლავთ გელა კაპანაძის თანამშრომლები. გელა კაპანაძე გახლავთ აიპის თანამშრომელი, რომელიც იმართება სუსი-სგან, ეს ადამიანები გამოირჩეოდნენ აგრესიით, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. მისულები იყვნენ მთავარ არხთან აქციაზე. ეს ადამიანები ხელფასს იღებენ არაფერში პანდემიის პირობებში და ასრულებენ იმ პოლიტიკურ დავალებებს, რასაც აძლევს გელა კაპანაძე", - თქვა კახა ლობჟანიძემ
გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს დირექტორი, გელა კაპანაძე ამბობს, რომ დასაქმებულ თანამშრომლებს შორის არიან ის ადამიანებიც,რომლებიც წინასაარჩევნო "ოცნები" ორგანიზებულ აქციებში იღებდნენ მონაწილეობას.
" "მთავარ არხთან" იმ აქციას, რაც შეეხება ნამდვილად მონაწილეობდა ფარნა მახოხაშვილი, რომელიც არის ჩემი აიპის თანამშრომელი, მაგრამ კიდივ ერთხელ ვიძახი, რომ მას ჰქონდა შვებულება და გამოხატა თავისი პროტესტი. მუშაობენ, როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე მუშაობენ, დიახ - "ქართული ოცნების" მხარდამჭერებიც და მე არ ვანსხვავებ პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს. სულ იმაზეა საუბარი, რომ დასაქმების პრობლემაა საქართველოში და თუკი მეტი ხალხი იქნება დასაქმებული ამაში რა არის ტრაგედია და პრობლემა? მთავარია, რომ მიზნობრიობა იყოს სწორი და ფუნქციონი", - ამბობს გელა კაპანაძე.
გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ ნახევარი ლარით ფინანსდება და ამ თანხის 85% ხელფასებზე იხარჯება.