ი.ფ.-მ დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში, რომელსაც უწყება დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე დაკავებული ირაკლი ფანგანის საქმეზე ავრცელებს.
"23 იანვარს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1991 წელს დაბადებული ი.ფ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დევნის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა ბათუმში, ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მხრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის - ირაკლი ჩავლეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაში. ი.ფ.-მ დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დევნასა და ხულიგნობას გულისხმობს.
ინციდენტი ბათუმში გუშინ, 23 იანვარს მოხდა. ფანგანი კი დღეს, "ალტერნატივას" ოფისიდან აიყვანეს.
ცნობისთვის, ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში გაერთიანებული ოპოზიციის სიით მოხვდა. მოგვიანებით, ის გამოეყო ხელისუფლების ოპონენტებს და უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.