როგორ იწერებოდა ისტორიული სარჩელი - აქამდე უცნობი ისტორიები

გამოქვეყნდა:

ევროპის დავიწყებული ომი - ამ სათაურით გამოაქვეყნა კადრები ევრონიუსმა ომის 10 წლისთავზე. 21 იანვარს კი სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ეს დავიწყებული ამბავი მთელ მსოფლიოს შეახსენა. 

აგვისტოს ომი ჩვენს მეხსიერებაში მართლაც ასე შემორჩა - რაღაც ძილსა და ღვიძილს შორის ნანახი 

ადამიანური ინსტინქტები ომის პირველივე დღეებში ამუშავდა. დაცარიელდა მაღაზიის დახლები, რიგი დადგა ბენზინგასამართ სადგურთანაც. ერთმანეთში აირია ჭორი და მართალი.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თინა ბურჯალიანმა 2008 წლის აგვისტოში პირველი შვებულება აიღო. ის ჰააგაში იმყოფებოდა. საერთაშორისო სამართლის აკადემიაში, სადოქტორო ნაშრომს ასრულებდა, როცა საქართველოში ომი დაიწყო. მინისტრმა სარჩელის მომზადება მას დაავალა.

სარჩელის წერა 8 აგვისტოს დაიწყეს. იუსტიციის სამინისტროში 3 დღე და 3 ღამე მუშაობდნენ. ინფორმაცია ფრონტიდან თავს უშიშროების საბჭოში იყრიდა, იქიდან  - ჰააგაში. თინა ბურჯალიანი, რომელმაც 8 აგვისტოს თქვა, ახლა ბიბლიოთეკაში ჯდომის დრო არ არისო, ისევ იმ ბიბლიოთეკის წიგნებს მიუბრუნდა, უკვე სხვა მიზეზით.

იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებმა იპოვეს 1970 წლის პრეცედენტი, რომელიც შესაძლებელს ხდიდა, საქართველოს დროებითი ღონისძიება მოეთხოვა. სტრასბურგის სასამართლოს შეეძლო ომი შეეწყვიტა...ყოველი დაკარგული დღე დაკარგულ ადამიანებს უდრიდა...ყოველი არასწორი სიტყვა ტექსტში კი უდრიდა - შეცდომას, რომლის უფლებაც, უბრალოდ, არ ჰქონდათ.

დროებითი ღონისძიების მოთხოვნა 11 აგვისტოს მზად იყო. 

იუსტიციის სამინისტროში ევაკუაცია გამოცხადდა, როდესაც ელექტრონულად გაგზავნილი სარჩელი სტრასბურგში სასამართლოს მოთხოვნის თანახმად ფაქსითაც იგზავნებოდა.

თბილისიდან მიმართვა როგორც იქნა, დაიფაქსა, მაგრამ სამუშაო დღე დასრულებული იყო სტრასბურგში. იმ დროს სასამართლოს ერთერთი თანამშრომელი საქართველოდან, თეა წულუკიანი, შინ ბრუნდებოდა.

გზაში ტელეფონი რეკავს. ქართული ნომერია. მანქანას ვაჩერებ და ვპასუხობ. იუსტიციის სამინისტროა, ქართული სახელმწიფოს წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში.

საქართველოს სახელით მიღებული თხოვნა თეა წულუკიანმა შეასრულა და სარჩელი ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშე, საჭირო ადამიანს ხელიდან ხელში გადაეცა.

მაგიდის ლამპა უნთია, შუბლზე ვინ დაითვლის რამდენი ნაოჭი აქვს, ღმერთო და სათვალეებიდან დამცქერის. ვუყვები ამბავს და მეილიც უკვე ხელში მაქვს გორის ცეცხლიანი ფოტოებით. ვატყობ, რომ სასაცილო ვარ, სიტყვები მერევა, ავიაციის მაგივრად ბევრჯერ ვამბობ აერაციას. მაგრამ ხვდება, რომ ომში ავიაციაა ალბათ უფრო სწორი სიტყვა. განიხილავს ხვალვე სასამართლოო, მშრალად ამბობს.

სტრასბურგის, ასე ვთქვათ, შემაკავებელი ორდერი, სალდათებს ლამის მცხეთასთან დაეწია.

რუსები გასვლას არ ჩქარობდნენ. დავით თომაძე მტკიცებულებების შესაგროვებლად იმ დღეებშივე გაემგზავრა, როცა გორამდე რუსების რამდენიმე ბლოკ-პოსტი უნდა გაევლო.

მეორე დღეს ის გორში ჯავშანტრანსპორტიორის გრუხუნმა გააღვიძა.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ამ სახიფათო ექსპედიციაში შეაგროვეს მტკიცებულებები, რომელიც ასევე მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ.

დახვრეტილების და მათი ოჯახების დაცვას სხვა საერთაშორისო სასამართლოშიც ცდილობდნენ. სტრასბურგის გარდა იგივე სარჩელი საქართველოს უკვე გაგზავნილი ჰქონდა ჰააგაში, გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში.

გადაწყვეტილებას, რომელსაც მართლმსაჯულების ოლიმპო 1 კვირაში იღებს ხოლმე, ჩვენ მთელი თვე ველოდით.

დროებითი ღონისძიების გადაწყვეტილება თითქმის გარანტია იყო.

რუსეთის შემაკავებელი გადაწყვეტილებები საქმის მხოლოდ დასაწყისი იყო. ევროსასამართლოში დაზუსტებული სარჩელის წარსადგენად 6 თვე ჰქონდათ.

დაზუსტებული სარჩელის წარდგენის ვადა 2009 წლის 6 თებერვალს იწურებოდა. სარჩელის მომზადება და აკინძვა სწორედ 6 თებერვლის დილით დასრულდა. 4 ხდებოდა, ექვსის წუთებზე ფრენა იყო.

თბილისის აეროპორტში 23 წლის ბიჭი დგას, იმ დროისთვის საქართველოს წარმომადგენელი სტრასბურგში, აეროპორტის ოფიცერი კი ეუბნება, რომ ჩემოდანს ბორტზე ვერ აიტანს და ბარგში უნდა ჩააბაროს.

აეროპორტის ოფიცერმა, როგორც ჩანს იგრძნო, რომ ის ბიჭი იმ ჩემოდანს ხელს არ გაუშვებდა და ჩასხდომის ბილეთი მოუხია.

სარჩელი ჯერ პარიზში გაფრინდა. ლევან მესხორაძე გადაჯდომას რამდენიმე საათი შარლ დე გოლის აეროპორტში ელოდა და დროის მოსაკლავად რუსულ ახალ ამბებს ეცნობოდა.

ჩემოდანმა სტრასბურში სიმძიმისგან შელახულმა ჩააღწია, შიგთავსმა - უვნებლად. ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა შეწყვეტილი იყო, მაგრამ გრძელდებოდა იუსტიციის სამინისტროს დაბომბვა სარჩელებით. რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში 3 500 ინდივიდუალური სარჩელი შევიდა.

ხშირად ამ სარჩელების ავტორთა იდენტიფიცირება და ფიზიკურად პოვნაც ვერ ხერხდებოდა, სარჩელები მასიურად ამოირიცხა განსახილველთა სიიდან, მაგრამ ეს საქართვლოს დიდ ძალისხმევად დაუჯდა. 

რუსეთი ცდილობდა, საქმე არსებით განხილვამდე არ მისულიყო. ეს 2011 წლის სექტემბერში უნდა გადაწყვეტილიყო. თინა ბურჯალიანს ექიმისგან მგზავრობა აკრძალული ჰქონდა.

პირველ საჯარო განხილვაზე ის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ორ ამბავს ელოდებოდა - საქართველოს წარმატებას სასამართლოში და შვილს.

სტრასბურგისგან განსხვავებით ჰააგამ საქმის არსებით განხილვაზე უარი გვითხრა იმ მოტივით, რომ საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკების რესურსი ამოწურული ჯერ არ ჰქონდა.

ნიკა გვარამიასთვის ეს გადაწყვეტილება იყო ანგარიშის გაწევა რუსეთის ფაქტორისათვის, იუსტიციის კიდევ ერთი ექსმინისტრისთვის კი ჩვენი კომპეტენციის პრობლემა

ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრი 8 წლის განმავლობაში ევროსასამართლოში გამარჯვებას თავიდან ბოლომდე საკუთარ ანგარიშზე მიიწერს.

იმ ადამიანების გუნდმა, რომელსაც  თეა წულუკიანი გულისხმობს, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს უკვე მეორე სახელმწიფოთაშორისი დავა მოაგებინა და ყველაზე ვირტუოზული დამცირება და უმადურობაც კი ვერ გააფუჭებს საყოველთაო დღესასწაულს, რომელიც 21 იანვარს გამოქვეყნებულმა გადაწყვეტილებამ მოიტანა. ეს გამარჯვება ეკუთვნით არამხოლოდ ყოფილებსა და მოქმედებს, მკვდრებსაც და ცოცხლებსაც თანაბრად.

ადამიანთა სიას, რომლებიც პერსონალურ მადლობას იმსახურებენ აგრძელებენ რიგითი მოხელეები, რომლებმაც ეს საქმე გამარჯვებამდე ქართული ოცნების პირობებში მიიყვანეს და, მათი ხელმძღვანელები. სამადლობელ ადამიანთა სია მომავალშიც დაკორექტირდება, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სამართლიან სამართლებრივ ბრძოლაში. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება კი არ შეიცვლება.

  • სიცოცხლის უფლება
  • წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა
  • თავისუფლება და უსაფრთხოება
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება
  • ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება 
  • საკუთრების დაცვა 
  • განათლების უფლება 
  • გადაადგილების თავისუფლება

სტრასბურგის დიდმა პალატამ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველების ეთნიკური წმენდაზე პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციაა. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი