ბოლო სამი წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აფხაზეთისათვის მიწოდებული ელექტროენერგია კატასტროფულად მზარდია და გასულ წელს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წლიურ მაჩვენებელს, მხოლოდ მცირედით ჩამოუვარდება.
აღნიშნული ტარიფით დენის საფასურს აფხაზეთის მოსახლეობა სეპარატისტული რეჟიმის მიერ დაარსებულ კომპანიას “ჩერნომორენერგოს” უხდის, რომელსაც უკვე ათწლეულებია ქართული მხარე დენს სრულიად უსასყიდლოდ აწვდის. იმის გამო, რომ ენგურჰესის მართვის პულტი საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა, ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის, ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიან წლებში შედგა სიტყვიერი შეთანხმება, რომლის თანახმადაც ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 60% საქართველოს, ხოლო 40% აფხაზეთს უნდა რგებოდათ.
ენგურჰესის მიერ გამომუშავებული და აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის ბოლო სამი წლის მონაცემების ერთმანეთთან შედარებისას საგანგაშო ტენდენცია ჩანს.
აღმოჩნდა, რომ 2018 წელს - ხუთი, 2019 წელს - ექვსი, ხოლო 2020 წელს შვიდი თვე იყო ისეთი, როდესაც ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზეთისთვის მიწოდებული ენერგიის ოდენობას ჩამოუვარდებოდა, შესაბამისად გამოდის, რომ ქართული მხარე ამ ხუთი, ექვსი და შვიდი თვის განმავლობაში, აფხაზეთს უფასო დენს, ჩვენს მიერ უცხოეთში ვალუტაზე ნაყიდი ელექტროენერგიის მარაგიდან აწვდიდა.
კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი, აფხაზეთს ჭარბ დენს ნოემბრიდან აპრილამდე- ყველაზე ცივ თვეებში ვაწვდით, როცა საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება მკვეთრად იკლებს.
აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების მზარდი ტენდენცია, რომ რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის წარმოებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული უცხო ხილს არ წარმოადგენს.
აფხაზურ მედიაში თითქმის ყოველდღიურად შუქდება როგორ ებრძვიან ბიტკოინების გამოსამუშავებლად შექმნილი არალეგალურ ფერმებს, როგორ აჯარიმებენ მაინერებს, თუმცა ამ მიზნით შექმნილი არცერთი მსხვილი ორგანიზაცია ან მისი მფარველი არ აღმოუჩენიათ.
...საქართველოს მიერ ჭარბი ოდენობით და თანაც უფასოდ მიწოდებული ელექტროენერგიის მიუხედავად, აფხაზეთის მოსახლეობას დენი მაინც მრავალსაათიანი შეზღუდვებით, გრაფიკით აქვს.
ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, ქართული სახელმწიფოს რომელ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება ენგურის მიერ გამომუშავებული მთელი ელექტროენერგიის აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონისკენ მიმართვა? რატომ არ ვიყენებთ ამ მძლავრ ბერკეტს მოლაპარაკების არც ერთ ფორმატში და თუ ვიყენებთ რას ვიღებთ სანაცვლოდ?
ამჟამად ენგურჰესი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ასი დღით არის შეჩერებული. პირველ რიგში, დერივაციული გვირაბის ორკილომეტრნახევრიანი მონაკვეთის შეკეთება იგეგმება, რომლისთვისაც 15 მილიონი ევროა გათვალისწინებული. პროექტის მთლიანი ღირებულება 48 მილიონი ევროა, რომელშიც გრანტს მხოლოდ 7 მილიონი შეადგენს, დანარჩენი თანხა, საქართველოს მთავრობას, სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან 13 წლიანი სესხის სახით აქვს აღებული.
აფხაზთა კრების თავმჯდომარეს მალხაზ პატარაიას მიაჩნია, რომ ქართველებს აფხაზების მიმართ, უკვე ათწლეულებია, რაციონალურ საფუძველს მოკლებული მიამიტური დამოკიდებულება გვაქვს, რომელიც როგორც წესი, სეპარატისტებისთვის დაუმსახურებელი პრივილეგიების მინიჭებაში აისახება და ეს მხოლოდ ელექტროენერგიას ნამდვილად არ უკავშირდება.
ენგურისა და ყველა სხვა ძველი ჰესის რეაბილიტაცია რომ უმნიშვნელოვანესია ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ამაზე არავინ დაობს. პირიქით, ენერგეტიკოსებისა და გარემოს დაცვითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევები ცხადყოფს, რომ რეაბილიტაცია და მითუმეტეს რეკონსტრუქცია ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ენერგიას 20 და ზოგ შემთხვევაშ 50%-თაც კი ზრდის.
უკვე არსებული ჰიდროელექტრო სადგურების რეაბილიტაცია- რეკონსტრუქციის შემთხვევაში თუ ასეთი ეფექტის მიღწევა შეიძლება ისმის ლეგიტიმური კითხვა რაში გვჭირდება ახალი, თანაც ისეთი ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა აშენებაზეც დადებული კონტრაქტები, როგორც წესი, გაუმჭვირვალეა და მათი ექსპლუატაციით მიღებული ეფექტი ეფემერული.
სემეკის გადაწყვეტილებით ახალი წლიდან საქართველოს მოსახლეობა უკვე გაზრდილ ტარიფს გადაიხდის.
სპეკულაციებით, რომ დენის გაძვირება არასაკმარისი გამომუშავების და ახალი ჰესების წინააღმდეგ აგორებული კამპანიის შედეგია, იფარება მთავარი მიზეზი - ვინ მფარველობს სვანეთში და აფხაზეთში სოკოებივით მომრავლებულ კრიპტოვალუტის ფერმებს, რომელიც ელექტროენერგიის 80%-ს მოიხმარენ და ამ დროს ორივე რეგიონის მოსახლეობა ფაქტიურად უშუქოდაა დარჩენილი, რატომ ხუჭავს ამაზე თვალს საქართველოს მთავრობა და რატომ აწვდის აფხაზეთს კონტრაქტით გათვალისწინებულზე ორჯერ მეტ უფასო დენს.