დაკონსერვებული ქვეყანა - ხალხი დაუსრულებელი რეგულაციების წინააღმდეგ ქუჩაში გამოდის

გამოქვეყნდა:

პროტესტი დედაქალაქში განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსთან დაიწყო. ქორეოგრაფებმა უწყების შენობასთან ცეკვის ის ფორმები მიიტანეს, რომლებიც 1 წელია უკვე აღარავის ჩაუცვამს. მიზეზი კოვიდ-19-ის გამო მთავრობის მიერ ამოქმედებული რეგულაციებია, რომლებიც მოსახლეობას აღარიბებს და მინიმალური შემოსავლის გარეშე ტოვებს. ქართული ოცნებისგან უგულებელყოფილი კულტურა დაუმორჩილებლობას იწყებს.

პარლამენტის შენობა კიდევ ერთი ლოკაციაა, სადაც ამჯერად მესამე სექტორი შეიკრიბა. დაკონსერვებული ქვეყანა - როგორც ქართული ოცნებისგან დაპაუზებული საქართველოს სახე. გაჩერებული ეკონომიკა, ცარიელი ჯიბეები და შეზღუდული თავისუფლება - ეს აქციის ორგანიზატორების მთავარი სათქმელია.

მთავარი აქცია კი კანცელარიასთან 4 საათზე დაიწყო. მესამე სექტორთან ერთად მთავრობას რიგითმა მოქალაქეებმაც მიაკითხეს. მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება ერთერთი მთავარია იმ მოთხოვნებში, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება კარჩაკეტილ ქართულ ოცნებას უყენებს.

ყველა, ვინც დღეს ქუჩაში იდგა, ფიქრობს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს არა ხალხს, არამედ მათთან დაახლოებულ მაღალ ფენას არგებს, რომელსაც არც ქვეყნის ჩაკეტვა შეხებია და არც მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებით შეწუხებულა.

მთავრობას ფიტნესკლუბების ადმინისტრაციაც უპირისპირდება. მათთვის ქვეყნის გახსნის თარიღი უმნიშვნელოა, რადგან ფიქრობენ, რომ მათი ბიზნესი იქამდე ვეღარც მიაღწევს. ბრალდების ადრესატი ხელისუფლებაა - ფიტნეს კლუბების წარმომადგენლები ქართულ ოცნებას გაკოტრებაში ადანაშაულებენ.

ხელისუფლებას, რომელიც ხალხზე ზრუნვის ნაცვლად პირად თუ პარტიულ კომფორტზე უფრო ფიქრობს, ამოქმედებული რეგულაციების გადასახედად მხოლოდ 1 დღე-ღამე რჩება. თუ 24 საათში ქართული ოცნება შეზღუდვებს არ შეამსუბუქებს, ქუჩაში გამოსული ხალხი უკვე სამთავრობო უწყებების პიკეტირებას დაიწყებს.

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი