პროცესი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც რისკები დეტალურად შეფასდება - გახარია ეკონომიკის გახსნაზე

გამოქვეყნდა:

ახალი გადაწყვეტილებები საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული არ არის - აქციის მონაწილეებს, რომლებიც ზუსტად სამ საათში მიადგებიან კანცელარიას რეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით, პრემიერ გახარიასგან ეს პასუხი ექნებათ: პროცესი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც რისკები დეტალურად შეფასდება. 

"როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს დავაჩქაროთ. მაგალითად, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს.

ასე რომ, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ რა თქმა უნდა საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა", - თქვა გიორგი გახარიამ. 

მანვე ისაუბრა რისკების მეტნაკლებობაზე და აღნიშნა, რომ "კარგად უნდა იყოს გააზრებული, რა რისკი დგას მეორე მხარეს". 

მისივე თქმით, თუ მაჩვენებელი, ზოგადად, დადებითი იქნება, "პირველ რიგში, ტურიზმის სფეროს უნდა მივხედოთ". 

ასევე, 4%-ზე დაბალ დადებითობის მაჩვენებელს განიხილავს გიორგი გახარია იმის წინაპირობად, რომ სკოლები გაიხსნას. 

შეგახსენებთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები, რომელიც 16 იანვარს უნდა მოხსნილიყო, მთავრობამ სრულად გაახანგრძლივა 1 თებერვლამდე.  ფაქტობრივი "ლოქდაუნი" კი ქვეყანაში 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი