გადაცემაში "დღის სტუმარი" დავით მესხიშვილი მოითხოვს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვის მოხსნას და დისკრიმინაციულად მიიჩნევს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ადამიანები, ვინც არ გადაადგილდება საკუთარი მანქანით და ტრანსპორტს იყენებს, ვირუსს ავრცეკლებს, ხოლო ისინი, ვისაც კერძო მანქანები ჰყავთ - არა.
"საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის აკრძალული არცერთ ქვეყანაში, 100%-ით. საქართველო იყო გამონაკლისი. და ამაზე დისკრიმინაციული გადაწყვეტილება არც შეიძლება არსებობდეს, რომ თითქოს ადამიანები, ვისაც უწევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, ავრცელებს ვირუსს და ის ადამიანები, ვინც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებიან, ამ ვირუსს არ ავრცელებენ...
არადა, რა დიდი ამბავი უნდოდა წესების დაცვით საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას: ამისთვის აუცილებელი იყო მძღოლის იზოლირება, ხსნარების დამატება სალონში, რომ მიაქციოს ყურადღება კონდუქტორმა ხელების დამუშავებას და ა.შ. - ძნელია ეს?", - კითხულობს დავით მესხიშვილი.
დავით მესხიშვილის თქმით, ყოვლად გაუგებარია ფრენების გახსნა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალულად დატოვება. ის ვარაუდობს, რომ ხელისუფლებამ "ეშმაკურ ხერხს" მიმართა, რომლის მიხედვითაც ბიზნესს ნაწილობრივ მოუხსნიან შეზღუდვებს, მაგრამ ხალხს არ მიეცემა საშუალება, ბიზნესთან მივიდეს.
შეგახსენებთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები, რომელიც 16 იანვარს უნდა მოხსნილიყო, მთავრობამ სრულად გაახანგრძლივა 1 თებერვლამდე. ფაქტობრივი "ლოქდაუნი" კი ქვეყანაში 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს.