თბილისში, ფონიჭალის გზაზე, სომხეთიდან მომავალ სატვირთო მანქანებს თავს დაესხნენ.
გვიან ღამით, დაუდგენელმა პირებმა, 40 სატვირთო ავტომობილს საქარე მინები ჩაუმსხვრიეს.
ადგილობრივებმა და მძღოლებმა ზუსტად არ იციან ვინ ჩაამსხვრია მინები, თუმცა დაინახეს, რომ გზატკეცილი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი.
ფაქტს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შეესწრო, გამოძიება დაწყებულია. ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტების გამოძიება მნიშვნელოვანია განმეორებების თავიდან ასაცილებლად.
"როცა სახელმწიფო არ რეაგირებს, კონკრეტულ გადაცილებებზე, მათ ახასიათებთ განმეორებითი რისკები, ამიტომ ეფექტური გამოძიება მნიშნველოვანია, რომ აგვარი გამოცდილებები შეწყდეს" – ამბობს EMC-ის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე
სომხეთიდან მომავალ სატვირთო ავტომობილებზე თავდასხმას, სომხეთის საელჩოც ადასტურებს.
"დღეს, გვიან ღამით, საქართველოში, ქვემო ფონიჭალის დასახლებასთან, უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს სომხური მხარის სატვირთო მანქანებს, ჩაამტვრიეს ზოგიერთი სატვირთო მანქანის საქარე და გვერდითი მინები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ამის შემდეგ სატვირთო მანქანებმა, საპატრულო პოლიციის თანხლებით, მიაღწიეს საქართველო-სომხეთის საზღვარს და გადაკვეთეს იგი.
ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე.
სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში მუდმივად ეკონტაქტება საქართველოს შესაბამის ორგანოებს, ამავდროულად, აქტიურად მუშაობს, კანონის ფარგლებში დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად და ამგვარი შემთხვევების განმეორების თავიდან ასაცილებლად." – ნათქვამია სომხეთის საელჩოს განცხადებაში
აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო ერთ თვეში სატვირთოებზე თავდასხმის მეორე ფაქტია.