ოპოზიცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

7 ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადება და მოწოდება ხელისუფლებას . ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები, რომლებიც თვლიან, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას.

ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელი რჩება და მათივე შეფასებით, კრიზისიდან გამოსასვლელი ერთადერთი გზა სწორედ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაა: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო წესები, საარჩევნო სისტემის ცვლილება.

ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ერთგული ვრჩებით იმ პოზიციის, რაც გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებისა და ივანიშვილის მიერ ქართველი ხალხის ნების მიტაცების შემდეგ დავიკავეთ. 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას და შესაბამისად ამ არჩევნების შედეგების აღიარება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის მიმართ ოცნების მიერ წახალისებულ ნიჰილიზმსა და დემოკრატიული პროცესისადმი სრულ უნდობლობას გამოიწვევს.

მიუხედავად დღევანდელი პარლამენტის მიმართ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს შორის არსებული განსხვავებებისა, ჩვენ საერთო პოზიცია და მოთხოვნები არჩევნების შედეგების გაყალბებიდან მალევე შევაჯერეთ - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო წესები, საარჩევნო სისტემის ცვლილება.

ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ოპოზიციამ ივანიშვილის ხელისუფლებას რამდენიმე გონივრული კომპრომისი შესთავაზა, თუმცა მათ რეალური დიალოგის სურვილს კვლავ არაცივილიზებული მეთოდებით ბრძოლა დაუპირისპირეს. როგორც ჩანს ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ ამ გზით დემოკრატიულ ოპოზიციურ სპექტრს აიძულებდა უარი ეთქვა ძირითად მოთხოვნებზე. "ქართული ოცნების" არჩეულმა ამ გზამ სრული კრახი განიცადა.

დღესაც მივმართავთ "ქართულ ოცნებას" - დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და იმ საკითხების მოგვარებაა, რაც ოპოზიციას და შესაბამისად ამომრჩევლების უმრავლესობას აქვს დასმული. ასევე ვაცხადებთ, რომ მუქარა ოპოზიციური პარტიებისთვის საკანონმდებლო დონეზე სადამსჯელო სანქციების შემოღების შესახებ და მანდატების შეჩერების პროცესის გაწელვა არანაირ შედეგს არ გამოიღებს"- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

მიმართვას ხელს აწერენ:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ბლოკი "ძალა ერთობაშია" - პროგრესი და თავისუფლება, სახელმწიფო ხალხისთვის, რესპუბლიკური პარტია
  • ლელო
  • გირჩი - მეტი თავისუფლება
  • ევროპული საქართველო
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია
მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი