ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ზაფხულში შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოიწვია.
თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, მაშინ მთავრობამ პოპულისტური გადაწყვეტილება მიიღო.
თენგიზ ცერცვაძეს მიაჩნია, რომ შეზღუდვების ერთბაშად მოხსნას ეპიდემიის ახალი აფეთქება მოჰყვება და ამგვარი მოთხოვნებით უკანაკნელი დღეების პროტესტი პოლიტიკურად ანგაჟირებულია:
ეს საპროტესტო აქციები კი, ალბათ სპონტანურადაც არის, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ ისინი ხშირად წაქეზებულია პოლიტიკურად ანგაჟირებული წრეების და ტელევიზიების და ადამიანების მიმართ, რომელიც აკეთებენ პოპულისტურ განცხადებებს, რომ მოიხსნას დაუყოვნებლივ ყველა შეზღუდვა....
ზაფხულში დაშვებული იქნა შეცდომა, რომ არ გამოიჩინეს საკმარისი სიმკაცრე, მოსახლეობის დაკვეთა შეასრულა მთავრობამ მაშინაც. ზაფხულში სახელმწიფომ არ გამოიჩინა პრინციპულობა, შეასრულა მოსახლეობის დაკვეთა და მიიღო ის, რაც მივიღეთ ნოემბერში და დეკემბერში. ახლა თუ იგივე შეცდომას გავიმეორებთ და ისევ უპირობოდ შევასრულებთ ყველა მოთხოვნას, რომელიც ეხება ყველაფრის გახსნას და ყველა შეზღუდვის მოხსნას, ძალიან დიდი რისკია, რომ გამეორდება ის, რაც ნოემბერ-დეკემბერში და მერე ხელახლა იქნება სათქმელი, რომ კიდევ დავუშვით შეცდომა, არ უნდა დავთანხმებოდით აი ამ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და დაუსაბუთებელ მოთხოვნებს და არ უნდა გადაგვეყარა ისევ წყალში ის, რასაც დღეისთვის მივაღწიეთ”, - განაცხადა ცერცვაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.
ცნობისთვის ბოლო ორი დღეა დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლები შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გააქტიურდა. სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციის წევრები და უბრალო მოქალაქეები ჩაკეტილი ქვეყნის გახსნას, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას და კომენდანტის საათის მოხსნას მოითხოვენ.
რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება თებერვლიდან - სრულად.