დაპირებები გორის მერმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გასცა. ადგილობრივები მთავარ არხს უყვებიან, რომ წინასაარჩევნოდ კოტე თავზარაშვილი მათ შვილებს სწავლის საფასურის გადახდას არჩევნებში სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერის სანაცვლოდ ჰპირდებოდა. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები სტუდენტების დაფინანსებას მერი ადგილობრივი ბიუჯეტიდან აპირებდა ერთი პირობით - მთავარი მოთხოვნა არჩევნებში "ქართული ოცნების" მხარდაჭერა იყო.
მოტყუებული მშობლების პროტესტს არ პასუხობენ მერიაში. მთავარ არხთან სასაუბროდ დღეს მხოლოდ პრესსამსახურის ხელმძღვანელი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ მერს მსგავსი დაპირება არ გაუცია და მშობლებს ის სხვა მაღალჩინოსანში ერევათ. მერიაში არ აკონკრეტებენ ვის შეეძლო მსგავსი დაპირების გაცემა.
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები სტუდენტებისთვის ყალბი დაპირების გადამოწმება გორის მუნიციპალიტეტის შენობაშიც ვცადეთ, აქაც უშედეგოდ.
სწავლის გადასახადი არ ჩაერიცხათ სამეგრელოში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს. ხელისუფლება 50 ახალგაზრდას აფინანსებდა.
ერთერთ სტუდენტს, რომელმაც ამბის გარკვევა სცადა, უთხრეს რომ თანხა დაბალი ნიშნების გამო ვერ მიიღო. მშობლისთვის გაუგებარია რატომ არ გააფრთხილა სამინისტრომ გადაწყვეტილების შესახებ და ამბობს, რომ ახლა უსახსრობის გამო შვილს სტუდენტის სტატუსი უნდა შეუჩეროს.
რატომ არ აფინანსებს სახელმწიფო სტუდენტების სწავლას იმ ფონზე, როცა ქვეყანაში კოვიდპანდემიაა და სწავლა სრულად დისტანციურია - ამ კითხვაზე პასუხი მთავარ არხს განათლების სამინისტრომ არ გასცა.
ამ დრომდე 70 ათასზე მეტ სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს და მათი რიცხვი შესაძლოა კიდევ რამდენიმე ათასით გაიზარდოს.