„ მხარს დავუჭერთ იმ ძალას, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე ამომრჩევლის ნდობას მოიპოვებს,“- ამ გზავნილებით ჩამოვიდნენ ამერიკელი კონგრესმენები ბათუმში. უცხოელი პარტნიორები საქართველოს პირველ პირებთან ერთად თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას ესწრებიან. ღონისძიებაზე იმყოფება ორპარტიული საქართველოს მხარდამჭერი აქტის ერთ-ერთი მთავარი ავტორი, კონგრესმენი, ადამ კინზინგერიც.
კინზინგერი იმედს გამოთქვამს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია იმ პარტიის გამარჯვება, რომელიც ამომრჩევლის ნდობას მოიპოვებს.
„ ჩვენ მივიღეთ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია. ეს იყო ჩემი პეტიცია და გვქონდა შანსი წარგვედგინა სენატისა და თეთრი სახლისთვის, განსაკუთრებით, ცუდი იქნებოდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია არ გვეცნო, ამის განსაზღვრა აუცილებელია. ის ყურადღებას ამახვილებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე, საქართველოს ხალხის უფლებაზე. ამას მოაქვს იმ ადამიანების სანქცირების შესაძლებლობა, ვინც საქართველოს ოკუპაციაში არიან ჩართულები. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქტი ძალიან ორ პარტიულია. რესპუბლიკელებს და დემოკრატებს ზოგჯერ აზრთა სხვა და სხვაობა გვაქვს, თუმცა საქართველოსთან მიმართებაში ჩვენ გავერთიანდით და შევთანხმდით რეზოლუციაზე. საქართველომ შეძლო და ბევრი იშრომა კორუფციის პრობლემების მოსაგვარებლად. ცხადია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, თითოეული პარტია, ეს იქნება ოპოზიცია, უმრავლესობა, თუ სხვა ნებისმიერი პარტია ჰყავს საკუთარი მხარდამჭერი და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვგრძნობ ძალიან დიდ პროგრესს, როგორც საქართველოს ძალების მოდერნიზაციის კუთხით, ასევე სამთავრობო ინსტიტუციის მიმართებაში. ჩვენ გვესმის, რომ ცვლილებები ზოგჯერ რთულია, მაგრამ აუცილებლად ველოდებით თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ქართველი ხალხის ვისაც მხარს დაუჭერს, ის პარტია გაიმარჯვებს არჩევნებში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც თითოეული ადამიანის ხმა ისმის,“- განაცხადა კინზინგერმა.
საერთაშორისო კონფერენციას ბათუმში სასტუმრო „ ჰილტონი“ მასპინძლობს. ღონისძიების დაწყებამდე შენობაში უსაფრთხოების სიგნალი ჩაირთო და სტუმრების ევაკუაცია გამოცხადდა. სასტუმროს ადმინისტრაციის განმარტებით, შენობაში უსაფრთხოების მაღალი ზომების გამო, სიგნალის ჩართვა სამზარეულოში მცირე დაკვამლიანებამ გამოიწვია. მცირე პრობლემის მიუხედავად, საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში გაიხსნა და ის ორი დღე გაგრძელდება.