ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა და მრევლს სახლში ლოცვისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება, იქ იქნებიან მღვდელმსახურები, მრევლმა კი უმჯობესია სახლში ილოცოს.
მინდა მივმართო მრევლს. დავიცვათ დედა ეკლესია, დავიცვათ ჩვენი მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით. ნუ მიხვალთ ეკლესიაში, სახლში ილოცეთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთეს მინისტრებმაც. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დღეს განაცხადა, სისტემა ახალ ეტაპზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტს, რომელსაც კორონავირუსის მსუბუქი ნიშნები დაუფიქსირდება, მკურნალობას სახლში გააგრძელებს. მისივე თქმით, სისტემას 700-მდე სასუნთქი აპარატი აქვს, რაც ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია
ის მარაგი, რომელიც ჩვენ მობილიზებული გვაქვს სახელმწიფოს მასშტაბით და თქვენ იცით, რომ ამ ეტაპისთვის ეს არის, 700-ზე მეტი სასუნთქი აპარატი, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენი პაციენტების უსაფრთხო გამოჯანმრთელებაზე იზრუნონ ჩვენმა ექიმებმა“ - განაცხადა ტიკარაძემ.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით მთავრობა დღეიდან საწარმოების შემოწმებას იწყებს. შემოწმდება საწარმოებში არსებული პირობები და როგორ ასრულებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
ვიწყებთ შემოწმებას იმ სისტემური საწარმოებისას, ვისაც მიეცათ უფლება ფუნქციონირების. ეს მათ აკისრებს დამატებით პასუხისმგებლობას. დავიწყებთ მსხვილი საწარმოებიდან შემოწმებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მითითებული წესი არის დაცული და იქ საქმიანობა უსაფრთხოა" - განაცხადა თურნავამ.
დღესვე განცხადება გააკეთა განათლების მინისტრმა. ჩხენკელი ამ ეტაპზე აკადემიური წლის გამოცხადებას და ეროვნულ გამოცდებში რაიმე სახის ცვლებების შეტანას, არ პროგნოზირებს.