თავდასხმა პატრიარქზე - ქვეყნის პირველი პირები ოპონენტების მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

„ვხედავთ, როგორ ემუქრება დეზინფორმაცია და ცილისწამება საზოგადოების ფუნდამენტს. ასეთი იყო ბოლო დღეების თავდასხმა საპატრიარქოსა და მის ლიდერზე,“- ეს ხმაურიანი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში გამართულ თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა სამხედრო სტაბილურობის გარდა, ყურადღება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე გაამახვილა.

პრეზიდენტის თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პროგრესი აშკარაა, ქვეყანაში არსებული დესტრუქციული ძალები დესტაბილიზაციას ცდილობენ.

„ეს იყო ერთ-ერთი მცდელობა ქვეყნის დესტაბილიზაციის, რომელსაც საზოგადოებამ უპასუხა  ღირსეულად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გამოძიება არ ვარ მე, მაგრამ ვიცი შედეგი , რომ ეს არის მცდელობა დესტაბილიზაციის იმ მომენტში, როცა ეს ქვეყანა მიდის წინ და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ, მითუმეტეს, როცა ვამზადებთ მომავალ წელს არჩევნებს, რომ ეს სტაბილურობა, რომელიც არის საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კოზირი არავისგან არ იყოს დარღვეული,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ეკლესიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე პრეზიდენტის მსგავსი განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემაც. არჩილ თალაკვაძე გამოთქვამს ვარაუდს, რომ საპატრიარქოში განვითარებული პროცესების უკან ის ძალა დგას, რომელიც 20 ივნისს პარლამენტზე იერიშის მიტანას და დესტაბილიზაციას  გეგმავდა. მისი განმარტებით, ორივე ფაქტს საერთო ხელწერა ეტყობა.

„პატრიარქს და ეკლესიას აქვს ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესების უკან დგანან იგივე ადამიანები, ვინც წინა შემთხვევებში იყვნენ იმ არეულობების უკან, იყვნენ ასევე, პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევის უკან და პარლამენტის დისკრედიტაციის უკან, ვინაიდან საერთო ხაზი, რაც აქ იკვეთება არის ის, რომ ქვეყანაში იმ მთავარი ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მთავარი ინსტიტუტების წინააღმდეგ შეტევის მიტანა აერთიანებს ამ მოვლენებს,“- განაცხადა თალაკვაძემ.

უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში დღეს გაიხსნა და კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი