დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ვაქცინის 1 400 000 დოზა უკვე გარანტირებული აქვს, თუმცა გეგმის მიხედვით, კიდევ 2.5 მილიონი დოზის მოპოვება გახდება საჭირო. გამყრელიძემ კლინიკების ასოციაციების კრიტიკას უპასუხა ამ თემასთან დაკავშირებით და თქვა, რომ კრიტიკია ადვილია, საქმის კეთება კი რთული.
"კრიტიკია ადვილია არა?! კრიტიკა ძალიან ადვილია, საქმის კეთებაა რთული. მე გითხარით, რომ ვაქცინებთან დაკავშირებით საქართველომ მუშაობა დაიწყო აგვისტოში, გითხარით ისიც, რომ საქართველოს წელს გარანტირებული აქვს 1 400 00 დოზა კოვაქსიდან, რომელიც წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ, მაგრამ წელს, ჩვენი გეგმით, რომელიც დამტკიცებულია უკვე მთავრობის მიერ, გვჭირდება 3.9 მილიონი დოზა, ანუ 2.5 მილიონი არის კიდევ მოსაპოვებელი, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან ინტენსიური, ყოველდღიური, ყოველწუთიერი, მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნებთან, სხვადასხვა მწარმოებლებთან, ევროკავშირის, დაახლოებით, 7-8 ქვეყანასთან არის შეპირება, რომ ქვეყნებს, რომლებსაც იმაზე მეტი აქვთ შეკვეთილი და ნაყიდი უკვე, ვიდრე ჭირდებათ, ამ ნამატ დოზებს საქართველოს გადაუნაწილებენ", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, პირდაპირი მოლაპარაკება 4 დიდ მწარმოებლად მიმდინარეობს, მაგრამ გამყრელიძის განცხადებით, დღეს ვაქცინა პოლიტიკურ იარაღადაა გადაქცეული და ის მდიდარი სახელმწიფოების ხელშია.
ამავე თემაზე: