ვაქცინის გარეშე თითოეული დღე, განაჩენია - კლინიკების ასოციაციის მიმართვა მთავრობას

გამოქვეყნდა:

საქართველოს კლინიკების ასოციაციია საქართველოს მთავრობას მიმართავს და მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში ხარისხიანი კორონავირუსის ვაქცინის შემოტანა დააჩქაროს. მათი თქმით, პანდემიის გამო ქვეყანაში გამკაცრებული რეგულაციებით შესაძლებელია მდგომარეობის პირობითი სტაბილიზაცია, მაგრამ პანდემიიდან თავის დაღწევა შესაძლებელია მხოლდ და მხოლოდ ვაქცინაციის დროული დაწყებით.

"ვაქცინის გარეშე თითოეული დღე - განაჩენია, რომელიც ყოველდღიურად მოიცავს ათეულობით ადამიანის სიცოცხლეს... სამწუხაროდ ვაქცინაციის საქმეში ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაგვიანებულია...
პრობლემის არსი:
• მსოფლიოში ვაქცინის რაოდენობის დეფიციტი;
• ვაქცინაციის გარეშე უახლოეს მომავალში პანდემიის მესამე ტალღის გარდაუვალობა;
• მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და კოვაქსპლათფორმის მიერ უზრუნველყოფილი ვაქცინის რაოდენობრივი სიმცირე და მისი მოწოდების გაურკვეველი დროით შეფერხება;
• ვაქცინის მწარმოებლებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან მოლაპარაკების დაწყების დაგვიანება;
• ვაქცინაციის ეფექტურობაზე და მის დადებით შედეგებზე, მოსახლეობაში ინფორმაციის სიმწირე;
• კარანტინისა და გამკაცრებული რეგულაციების პერიოდის უეფექტოდ გამოყენება;
• ჯანდაცვის მენეჯმენტში დაგროვილი ხარვეზები და შექმნილი საკადრო კოლაფსი;

კლინიკების ასოციაცია მთავრობას სამოქმედო გეგმასაც სთავაზობს, რათა ქვეყანა მესამე ტალღას მომზადებული შეხვდეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაც უფრო მალე დავიწყებთ ვაქცინაციას, მით მალე გადავარჩენთ ასეულობით ადამიანის სიცოცხლეს.

"ვინც ვაქცინის შემოტანას დღეს საქართველოში ხელს შეუშლის და იქნება წინააღმდეგი, იგი ხალხის მტრად უნდა გამოცხადდეს. რაც უფრო სწრაფად შემოვიტანთ ვაქცინას, მით უფრო მალე აღდგება ეკონომიკა, ბიზნეს სექტორი, მით უფრო მალე დაუბრუნდება ქვეყანა ჩვეულებრივი განვითარების გზას", - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი, ვალი პაჭკორია.

კლინიკების ასოციაციების მიმართვას და კრიტიკას დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უპასუხა, მისი თქმით, კირტიკა ადვილია, საქმის კეთება კი რთული. ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ვაქცინის 1 400 000 დოზა უკვე გარანტირებული აქვს, თუმცა გეგმის მიხედვით, კიდევ 2.5 მილიონი დოზის მოპოვება გახდება საჭირო.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი