31 ოქტომბრიდან სამი თვის შემდეგ 850 უბნის ხელახლა გადათვლით ირკვევა, რომ შემაჯამებელი ოქმების 8%-ში მეტობა დაფიქსირდა. უფრო კონკრეტულად, 68 უბნის შემაჯამებელ ოქმში კომისიის წევრების მიერ, თავდაპირველად იმაზე მეტი ხმა იყო ჩაწერილი, ვიდრე უბანზე მისული ამომრჩევლის საერთო რაოდენობაა და ოქმები ამომრჩევლის რეალურ ნებას არ ასახავდა.
ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" უბნების ხელახლა გადათვლით გაარკვია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არეული არითმეტიკის და გამოკვეთილი დისბალანსის შემდეგ ოქმებში არაერთი ჩასწორება შეიტანა ჯერ საუბნო - შემდეგ კი, საოლქო კომისიებში. თუმცა, ციფრებს არა უბნების თავიდან გადათვლის, არამედ ზეპირი განკარგულების საფუძველზე ცვლიდნენ, რაც ორგანიზაციის შეფასებით არჩევნების ჩატარების სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
31 ოქტომბერს, რომ არჩევნები ყველაზე ცუდად ჩატარდა - ამაზე თანხმდებიან მესამე სექტორის სხვა წარმომადგენლებიც. სამოქალაქო პლატფორმა 2020-ში ამბობენ, რომ ორგანიზაციამ ქვეყნის მასშტაბით პროპორციულ ნაწილში ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი შეისწავლა და გამოკვეთა, რომ 3657 უბნიდან 25% ამომრჩევლის რეალურ ნებას არ ასახავს და ხარვეზიანია.
ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების მაგიდაზე არჩევნების გაყალბების ერთერთი მკაფიო არგუმენტი არასამთავრობო სექტორის მიერ შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილი დისბალანსი და ხარვეზებია. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ არჩევნებიდან 3 თვის შემდეგ უბნების ხელახლა გადათვლა რეალურ შედეგს ვეღარ ასახავს და პოლიტიკური ჩიხიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.
სულ სხვას ფიქრობენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მიერ გამოვლენილი დარღვევები არა ოპოზიციის, არამედ "ქართული ოცნების" არგუმენტებს ამყარებს.
დღის ბოლოს "სამართლიანი არჩევნების" სკანდალურ დასკვნას ცესკო გამოეხმაურა. ადმინისტრაციაში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს და მოკლე ვიდეო კომენტარი თავად გაავრცელეს. თქვეს, რომ "ისფედის" დღევანდელი განცხადებით, ცესკოს ბრალეულობა ვერ გამოიკვეთა.
ბიულეტენების ჩაყრა, კარუსელი, დაშინება, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - ეს დარღვევების მცირე ჩამონათვალია, რაზეც სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა სასამართლოს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ასობით საჩივარი წარუდგინეს, თუმცა, მათი უმრავლესობა ცესკომ განუხილველი დატოვა, საეჭვო უბნები არ გადათვალა და ისევ კომისიის წევრების არითმეტიკას ენდო.