ეს იყო პოლიტიკური მოტივით გამოწვეული პროვოკაცია - ასე ეხმაურება ქუთაისის და გენათის ახალი მიტროპოლიტი მეუფე ზოსიმეს მიმართ წაყენებულ მძიმე ბრალდებებს. მეუფე იოანემ ეს ფაქტი შანტაჟსა და პროვოკაციას დაუკავშირა. მისი განმარტებით, დაახლოებით 30 წლის წინ მსგავს შემთხვევას ადგილი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა ფაქტს საფუძვლად სემინარიის სტუდენტების პოლიტიკური მოტივაცია ედო. ის ასევე, ამბობს, რომ სტუდენტებმა მაშინდელ ლექტორს ბრალი არა „მამათმავლობაში“, არამედ „უზნეო საქციელში“ დასდეს.
„ ეს იყო თავის დროზე პოლიტიკური მოტივით გამოწვეული პროვოკაცია, სადაც იყო დადებული წერილი და ამ წერილში სიტყვა „მამათმავლობა“ საერთოდ არ არის ნახსენები, იყო სიტყვა, თუ არ ვცდები, „უზნეო საქციელი“ თუ რაღაც. ამის გამო, მეუფე ზოსიმემ დატოვა თანამდებობა და ეს სტუდენტები გაირიცხნენ. მათი აღდგენა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ მეუფეს სთხოვეს შენდობა და შენდობის შემდეგ მოხდა მათი აღდგენა. მათ სცადეს პოლიტიკური ძალებით ზეწოლა რექტორზე. ახლა, 30 წლის შემდეგ რატომ იწყებს ისევ ბინძურ ლაპარაკს, ჩემთვის გაუგებარია,“- განაცხადა მეუფე იოანე გამრეკელმა.
მეუფე ზოსიმე მის მიმართ არსეულ ბრალდებებთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარის გაკეთებას დღეს საკუთარ ეპარქიაში გეგმავს,რაც შეეხება საპატრიარქოს, ის ამ დრომდე დუმილის რეჟიმშია.