
"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე: "ოთხი პოლიტპატიმრის გათავისუფლება თქვენი დამსახურებაა?", უპასუხა: "მოლაპარაკებების დამსახურებაა", ხოლო დამატებით შეკითხვაზე, "მათი გამოშვება ხელისუფლების კეთილი ნება იყო?", დადებითი პასუხი გასცა - "კი, კი, მათი გამოშვება ხელისუფლების კეთილი ნება იყო" და დაამატა - "ეს იყო ჩვენი მოთხოვნა".
"მთავარ დებატებში" "მოქალაქეთა" ლიდერს გადაცემის წამყვანმა თამარ ბაღაშვილმა 2020 წლის 1 ნოემბერს მის მიერ, არჩევნებთან დაკავშირებული განცხადება გაახსენა, სადაც ის ამბობდა:
"31 ოქტომბერს ჩატარდა ამაზრზენი არჩევნები... საერთო კონსენსუსია ამ საკითხთან დაკავშირებით საჭირო და ყველამ უარი უნდა თქვას მანდატებზე".
თამარ ბაღაშვილის შეკითხვაზე: "მაშინ მართალს ამბობდით?" ალეკო ელისაშვილმა უპასუხა: "მაშინაც მართალს ვამბობდი და ახლაც მართალს ვამბობ...", ხოლო დამატებით შეკითხვაზე "როგორ?", დეპუტატმა უპასუხა: "როგორ და კარგად, ქართულად...".
თამარ ბაღაშვილმა ელისაშვილს მისი კიდევ ორი განცხადება შეახსენა. ერთერთი მან 9 დეკემბერს გააკეთა და საკმაოდ ემოციურად მიმართა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს: "მანდატი ერთ ადგილას გაიკეთეთ". ხოლო სხვა განცხადებაში ალეკო ელისაშვილი ამბობს:
"რისთვის შევიდე ახლა მანდ? ვინმეს ჰგონია, რომ დეპუტატის ხელფასი მაინტერესებს? ისედაც არ მეხალისება ჰალსტუხის გაკეთება, იქ იმისთვის მივდივარ, რომ ხალხს ვემსახურო, ხომ? დაბეჩავებული ხომ არ უნდა ვიჯდე, თამარ ჟვანიას ნაწყალობევი ხმებით? ქუჩაში არ უნდა გავიდე? ხალხს თვალებში არ უნდა შევხედო?"
არქივიდან ამ განცხადების ციტირების შემდეგ თამარ ბაღაშვილმა დეპუტატს ჰკითხა: "ქუჩაში არ დადიხართ? ხალხს თვალებში არ უყურებთ?" , რაზეც ალეკო ელისაშვილმა უპასუხა:
"ქუჩაშიც დავდივარ საკმაოდ თავაწეული, ხალხსაც ვუყურებ თვალებში და პარლამენტში უბრალოდ კი არ შევდივარ, ეს მემორანდუმი მიჭირავს".
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან მას შემდეგ, რაც არჩილ თალაკვაძესთან და მამუკა მდინარაძესთან ბოლო შეხვედრის შემდეგ მემორანდუმი გააფორმეს.