ნამახვანში აქციის მონაწილე დააკავეს - პოლიციამ, ძალის გამოყენებით, საპროტესტო კარავი დაშალა

გამოქვეყნდა:

ნამახვანში აქციის მონაწილე დააკავეს. სამართალდამცავების თქმით, აქტივისტის დაკავების მიზეზი მათ მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა.

რამდენიმე საათის წინ კი, ადგილზე პოლიციამ, ძალის გამოყენებით, საპროტესტო კარავი დაშალა. 

3 თვიანი პაუზის შემდეგ, რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა დღეს, 30 იანვარს, გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ 105 მეტრიანი კაშხლის აშენების წინააღმდეგ, ადგილზე 97-ე დღეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.

დღესვე, ადგილობრივებმა ადგილზე აღმართულ ჯვართან მისვლაც სცადეს, თუმცა პოლიცია მათ ტერიტორიის დატოვებას სთხოვს, რასაც დაპირისპირებაც მოჰყვა. 

შეგახსენებთ, სპეციალისტების თქმით, ჰესის აშენების შემდეგ, რომელიმე ჯებირის დაზიანების შემთხვევაში, წყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისამდე მიაღწიოს. ექსპერტების გათვლით, ისტორიულ ქალაქს  34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტყამს.

ქუთაისის შემდეგ, იტბორება მთელი კოლხეთის დაბლობი - სულ 18 მუნიციპალიტეტი და 70 დასახლებული პუნქტი. შავ ზღვას ნამახვანის რეზერვუარის წყალი ფოთის ნაპირზე შეუერთდება 2,- 2,5  მეტრის სიმაღლის ტალღით. 

თურქული კომპანია "ენკა" კი დაწყებული სამუშაოების შეჩერებას არ აპირებს. კომპანიაში ამბობენ, რომ სამუშაოები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი