"ერთი ნემსის ჩხვლეტაღა უნდა პოლიციას, რომ გასკდეს" - ფარული ჩანაწერები შსს-დან

გამოქვეყნდა:

პოლიცია, როგორც ხელისუფლების მიზნების და მაღალჩინოსანთა კეთილდღეობის მისაღწევი საშუალება და არა წესრიგის მცველი ორგანიზაცია - რამდენიმე დღის წინ, "პოსტ ფაქტუმის" ჟურნალისტს დაუკავშირდა სამართალდამცველი, რომელმაც მოუყვა, როგორ აიძულებდნენ პოლიციელებს არჩევნებზე ხალხის მიყვანას და "ოცნებისთვის" ხმის მიცემას.

პოლიციელმა ოთხი აუდიო ფაილი გადმოაგზავნა. მისი ინფორმაციით ეს ხმოვანი შეტყობინებები შიდა ქართლის კრიმინალური პოლიციის საერთო "ვირტუალურ ჯგუფში" არჩევნების დღეს გაიგზავნა.

წყაროს მტკიცებით, პოლიციელებს უკანონო მითითებებს, მათივე ზემდგომი პირები: გორის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ჯონი ფალელაშვილი და ამავე სამმართველოს ერთერთი განყოფილების უფროსი გიორგი პატიაშვილი აძლევდნენ. 

სამართალდამცველი იმ მძიმე მდგომარეობაზეც საუბრობს, რომელშიც საპატრული პოლიციის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ.

საუბარია ქალაქ გორზე, სადაც ღამით, ყინვაში, როგორ აიძულებენ მათ ავტომობილის გარეშე პატრულირებას

"სამმართველოს უფროსი, მოადგილეები და განყოფილების უფროსები და მათი მოადგილეები, იმის გამო, რომ საწვავს ეკონომია გაუკეთონ, ამ გაქანებული პანდემიის დროს და მინუს შვიდ გრადუსიან ყინვაში მთელი ღამე ფეხით გვატარებენ" - ამბობს ანონიმი პოლიციელი.

მისივე ინფორმაციით, დაზოგილ საწვავს მაღალჩინოსნები იპარავენ.

"პოსტ ფაქტუმს" პოლიციელმა კოლეგების უმძიმესი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც მიაწოდა და იმ მაღალჩინოსნების სახელებიც დაასახელა, რომლებიც ასე ექცევიან რიგით  სამართალდამცველებს.

მოწოდებული ინფორმაცია მართალი აღმოჩნდა. "პოს ფაქტუმის" კამერამ სუსხიან ღამეში, ფეხით პატრულირების პროცესი გადაიღო.

შსს-დან კი ამ ყველაფერზე კომენტარი "პოსტ ფაქტუმს" არ მიუღია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი