გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია ამბობს, რომ ის, ვინ კორონვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს, საზოგადოების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი არ უნდა იყოს.
მეუფე ანდრიამ ვაქცინაციაზე საკვირაო ქადაგებისას, ამბიონიდან ისაუბრა და თქვა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია:
"ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი პროცესი და არცერთი ადამიანი, ვინც ვაქცინას არ გაიკეთებს სამედიცინო მდგომარეობიდან გამომდინარე, პოლიტიკური - ეთნიკური თუ კიდევ სხვა, რომელიმე შეხედულებებიდან ის ადამიანი არ უნდა იყოს მოქცეული ზეწოლის ქვეშ, დაძალების ქვეშ, ე.წ. ბულინგის ქვეშ.... ჩვენ თვალწინ, რომ გვიფრიალებენ ევროპულ ღირებულებებს და დამოკიდებულებას, უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ, როგორ უყურებენ, მთელი ევროსაბჭო და ევროპული ქვეყნები, ამ პროცესს" ამბობს მეუფე ანდრია.
მისივე თქმით, არ არის საჭირო "10 ტელეარხით" გაშუქედეს ვაქცინაციის პროცესი:
მინდა ვთქვა, რომ ვიღაცამ თუ ვაქცინა გაიკეთა, მაპატიეთ, ამას არ სჭირდება 10 ტელეარხი, რომ ეს გააშუქოს და ვიღაცამ თუ არ გაიკეთა, ამასაც არ სჭირდება 10 ტელეარხი, რომ ეს დააფიქსიროს. სიმშვიდით უნდა მიმდინარეობდეს ეს პროცესი ქვეყანაში და საზოგადოებაში და თითი არავის არ უნდა მიუშვირო" - თქვა მიტროპოლიტმა ანდრიამ
ცნობისთვის, მიტროპოლიტმა ანდრიამ ასევე ისაუბრა დავითგარეჯის თემაზე. სასულიერო პირი ამბობს, რომ მტყუან-მართალზე მსჯელობა მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც დავა დასრულდება.