„ოცნება“ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას ჩქარობს - იურისტები სადავო ნორმაზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ნიკა მელიას თანამდებობის დაკავება აუკრძალა, იურისტების ნაწილი იმ ნორმაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

ისინი ამბობენ, რომ ბოლო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მელიასთვის სადეპუტატო უფლაბამოსილების შეწყვეტა უკანონო იქნება. არ არის გამორიცხული მელიას ადვოკატებმა სადაო ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ.

განაჩენი კანონიერ ძალაში შესულია და მმართველმა პარტიამ ნიკა მელიას 15 დღის ვადაში უნდა შეუწყვიტოს უფლებამოსილება. "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება სავარაუდოდ ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი. საბოლოო დასკვნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა უნდა დაწეროს. იქამდე კი საპარლამენტო უმრავლესობაში ზოგადი კომენტარები კეთდება:

"პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ ერთ საფუძვლად პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა. ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ვალდებულია შეუწყვიტოს მას უფლებამოსილება" განაცხადა "ოცნების" დეპუტატმა გიორგი კახიანმა.

სადავო ნორმიდან გამომდინარე, ეკა ბესელია ყოფილ თანაგუნდელებს მოუწოდებს, იმოქმედონ არა პოლიტიკური შურისძიების, არამედ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე. ბესელია ამბობს, რომ პარლამენტი უნდა დაელოდოს ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება ნიკა მელიასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საქმე, რომელიც 6 წელია სასამართლოშია, ფსიქოლოგიური ზეწოლის ბერკეტია

"თუ აღმოჩნდება ისე, რომ პარლამენტი პირს შეუწყვეტს უფლებამოსილებას და ზემდგომმა ინსტანციამ ჩათვალოს, რომ არასწორი განაჩენი გამოიტანა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და გააუქმა, ასეთ შემთხვევაში აღდგენაც შეიძლება ვეღარ მოხდეს პარლამენტის წევრის სტატუსის. ამიტომ სამართლის და სამართლიანობის ლოგიკა უნდა გაყვეს პარლამენტი" განაცხადა ბესელიამ.

ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ჯერ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს, რომლის დასკვნაც ბიუროს წარედგინება, ბიურო კი პლენარულ სესიაზე გადაგზავნის. სწორედ სესიაზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი