"ქართულმა ოცნებამ" საგაზაფხულო სესია განახლებული შემადგენლობით დაიწყო - დღეს პირველად დეპუტატის სავარძელი დაიკავეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა.
დეპუტატის რანგში ელისაშვილის პირველი განცხადება სხდომათა დარბაზიდან, ტელეფონის პირადი ნომრის გამოცხადება იყო იმის დასადასტურებლად რომ პარლამენტში ამომრჩევლეთა პრობლემების მოგვარებაზე აპირებს მუშაობას.
ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში სიტყვა საპარლამენტო ტრიბუნიდან თეა წულუკიანმა მოითხოვა და ალეკო ელისაშვილს მიუთითა, რჩევებისთვის ნიკა გვარამიასთან დაერეკა - იუსტიციის ყოფილმა მინისტრტმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნომერი გაასაჯაროვა.
ეს ყველაფერი კი მაშინ ხდებოდა, როდესაც ოცნების ერთპარტიულ პარლამენტს საკვანძო გადაწყვეტილება უნდა მიეღო. რამდენიმედღიანი პოლიტიკური ვაჭრობისა და მუქარის შემდეგ, "ოცნებამ", 51 ოპოზიციონერს სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყვიტა და ერთპარტიული პარლამენტი ფორმალურად აღარ გააფორმა.
"ოცნების" დეპუტატები ახალ მუქარაზე გადავიდნენ. რამდენჯერაც ოპოზიციონერები სხდომას გააცდენენ, ხელფასი იმდენჯერ ჩამოეჭრებათ. რეგლამენტის მიხედვით კი თუ წლის განმავლობაში დეპუტატი სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენს, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი ავტომატურად დადგება დღის წესრიგში.