რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი და გამგეობის წევრი გოჩა სვანიძე დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით სამი საათი აძლევდა ჩვენებას.
ირაკლი კობახიძე, გივი ჭიჭინაძე, მიხეილ ჩხენკელი - ამ გვარებს დღეს ვეტერანი მორაგბეები უკვე ღიად ასახელებენ და თვლიან, რომ ხელისუფლებამ მათზე შტურმი მიიტანა და აღარც დაშინებასა და შანტაჟს ერიდება.
ყოფილი კონკურენტის მხარდასაჭერად სასამართლოსთან არჩეული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძეც მივიდა, ხვალ საჯარო რეესტრმა მისი უფლებამოსილების შესახებ უნდა იმსჯელოს, სწორედ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით აბუსერიძის საპრეზიდენტო უფლებამოსილების რეგისტრაცია ჭიანურდება.
ხვალ იუსტიციის სამინისტროსთან აბუსერიძის მხარდასაჭერად მორაგბეების აქცია გაიმართება. მათ კონკრეტული გზავნილიც ექნებათ - ხელისუფლებამ შეწყვიტოს ჩარევა და ცნოს ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილება.
კავშირის გამგეობის ერთი ნაწილი შეიკრიბა და 24 თებერვალს ახალი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებას კი სავარაუდოდ სარაგბო საქმიანობის სრული პარალიზებაც კი შეიძლება გამოიწვიოს.
რაგბის კავშირის პრეზიდენტი 30 დეკემბერს აირჩიეს, ერთერთი კანდიდატის ბაჩო ხურციძის წერილის საფუძველზე კი საჯარო რეესტრმა აბუსერიძე არ დაარეგისტრირა და ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა მისცა.
ხვალ კი რეესტრმა აბუსერიძის მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს ან კიდევ ერთხელ დაახარვეზოს და დრო 24 თებერვლამდე გაწელოს.