
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, სხვადასხვა მედიასაშუალებაში პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით, ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რომელმაც ბოლო პერიოდში პერმანენტული ხასითი მიიღო. ამ თემაზე გამოსახმაურებლად მან სპეციალური ბრიფინგი გამართა.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებაში, პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომელმაც ბოლო პერიოდში პერმანენტული ხასიათი მიიღო. ეს არის პირდაპირ, მიზანმიმართული თავდასხმა შინაგან საქმეთა სამინისტროზე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტზე და ემსახურება პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას და პოლიციელთა ღირსების შელახვას.
ყოველდღიურად ხდება სამინისტროს მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ამ ყველაფრის მიზანი, ყველასთვის გასაგებია და ამას უკვე საზოგადოებაც ხედავს, არის ერთადერთი - შესუსტდეს ნდობა უწყების მიმართ, იმ უწყების, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ზრუნავს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. [...]
ნებისმიერ ინფორმაციაზე, მათ შორის, მედიაში თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მყისიერად რეაგირებს და თუ რომელიმე ფაქტი შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ხდება მისი სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება", - თქვა ნინო გიორგობიანმა.
ნინო გიორგობიანმა ბრიფინგზე ჩამოთვალა მედიასაშუალებებიდან რამდენიმე მაგალითი, სადაც მისი თქმით დეზინფორმაცია გავრცელდა. მან ასევე აღნიშნა, თუ რა რთულ პირობებში უწევთ უწყების თანამშრომლებს მუშაობა.
"ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი დეპარტამენტი კვლავ გააგრძელებს ცრუ ინფორმაციებზე რეაგირებას და სამინისტრო სამართლებრივად დაიცავს იმ თანამშრომელთა უფლებებს, ვისი პატივი და ღირსებაც შეილახება", - თქვა ნინო გიორგობიანმა.
გიორგიბიანმა სიტყვა ათეულის მეთაურს, გელა კვაშილავას გადასცა, რომელსაც "ნარკოტიკული საშუალებების გადატანა დააბრალეს". მან მდიასთან ფაქტი უარყო.