ფოთში, საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილული მამაკაცი 43 წლის გურამ ახალაიაა. ის მანქანაში შვილს ელოდებოდა, რომელიც ფოთის მომსახურების სააგენტოში იყო შესული. თავდამსხმელებმა, "მთავარის" ინფორმაციით, მას ცეცხლი "ტოიოტას" მარკის ავტომანქანიდან სწორედ მას შემდეგ გაუხსნეს, რაც გურამ ახალაიას ქალიშვილი ავტომანქანიდან გადავიდა და მსხვერპლი მარტო დარჩა.
მას შემდეგ, რაც ავტომანქანაში მჯდომ მამაკაცს ორი ტყვია ესროლა და დარწმუნდა, რომ ის ცოცხალი აღარ იყო, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ, "მთავარის" ინფორმაციით, ის შსს-მ მალევე დააკავა, სხვა ვერსიით კი, მას შემდეგ, რაც მას პოლიციამ ავტომანქანით გზა გადაუჭრა, თავდამსხმელი მანქანიდან გადმოვიდა და პოლიციას ჩაბარდა.
დაკავებული გვარად შალიკაშვილია, მისი მოტივი, სავარაუდოდ, შურისძიება იყო - მკვლელობაში ბრალდებულმა ძმის მკვლელობისთვის იძია შური. მისი ძმა გია შალიკაშვილი, 2006 წელს, პალიასტომის ტბასთან, მოკლული იპოვეს და მის სიკვდილში ოჯახი სწორედ გურამ ახალაიას ადანაშაულებდა.
ფოთში მოკლული გურამ ახალაია სწორედ პალიატომის ტბასთან მომხდარი მკვლელობის შემდეგ, 2006 წლიდან ემიგრაციაში იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი ბიზნესით იყო დაკავებული.
ემა გოგოხია