გავრილოვის სისხლიანი ღამის სიმბოლოდ ქცეული მაკო გომურის დასახმარებლად მთავრობამ მზადყოფნა მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების მუქარის შემდეგ განაცხდა.
მაკოს მსგავსად, ქართული ოცნების ხელისუფლებამ სხვა დაზარალებულებიც დაივიწყა. კობა ლეთოდიანს და გიორგი სულაშვილს უკვე თვეებია განცხადებების და ელექტრონული წერილების გაგზავნა მხოლოდ იმიტომ უწევთ, რომ გაარკვიონ ვინ დაეხმარება.
უკავშირდებიან ქართუ ფონდსაც, საიდანაც მათთვის დაფინანსება გამოიყო, თუმცა იქ ერთი პასუხი აქვთ, ვიდრე ხელისუფლების პირველი პირების ნება არ იქნება, თანხას ვერ გამოყოფენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დღეს ერთის მხრივ 19 წლის თვალდათხრილ გოგოს წამოაძახეს, რომ ოპერაცია დაუფინანსეს და მეორეს მხრივ კი ნიშნისმოგებით შეახსენეს, რომ ეს თავად დაიმართა.
ახლა ჯანდაცვის სამინისტრო და მმართველი გუნდი ქვიშაში თავის ჩაგვრასა და იმის მტკიცებას ცდილობს, რომ კომუნიკაციის ხარვეზი მათი ბრალი არ არის და მოკვლევასაც კი დაიწყებენ იმის გასარკვევად თუ რატომ დაუგვიანდათ გავრილოვის ღამეს დაშავებულ მოქალაქეებს ოპერაცია.