
რამაზ ბეღელური ორი დღის წინ გაურკვეველ ვითარებაში უკანონოდ დააკავეს. დედ-მამას შვილის გატაცება პოლიციამ შეატყობინა და ახლა მხოლოდ ის იციან, რომ მათი შვილი ცხინვალის ციხეშია გადაყვანილი.
2020 წლის მონაცემებით საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს 74 მოქალაქე დააკავეს. აქედან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 61, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით 13.
2020 წელს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულებიდან ერთერთი ზაზა გახელაძეა, რომელიც კასპში 11 ივლისს გაიტაცეს, მანამდე კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
გატაცებულის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლით. ზაზა გახელაძის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ დრომდე ელოდება.
რუსეთის ფედერაციის არაჰუმანურ ქმედებებს ემატება საქართველოს ხელისუფლების არაეფექტური, არათანმიმდევრული პოლიტიკა კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მიმართ. ხელისუფლების დუმილის პოლიტიკა კი მხოლოდ გატაცებულების სტატისტიკას ზრდის.