ოკუპანტთა მიერ დაჭრილი და უკანონოდ გატაცებული ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესის დასკვნითი ნაწილი, სადაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს, ცხინვალში სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო.
ოჯახში ამბობენ, რომ ერთადერთი, რასაც ე.წ. სასამართლოსგან ელოდებიან, ზაზა გახელაძის გათავისუფლებაა. მათი თქმით, ბრალდება რომ გამოგონილია, ოკუპანტთა ჩვენებებიც ადასტურებს, სწორედ აქედან გამომდინარე იმედოვნებენ, რომ ბრალდებას, რომელიც 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზაზა გახელაძეს მოუხსნიან.
"ბოლოს ხუთ გასროლაზე შეჯერდნენ, მანამდე ვიცოდით რომ ათ გასროლას ედავებოდნენ და ეს ბრალდება მოუხსნეს. არ მგონია, რომ სასამართლოდან გათასვისუფლებენ, რაღაც განსხვავებულს ალბათ, მიუსჯიან, მაგრამ იქნებ მოხდეს სასწაული და გაათავისუფლონ", - ამბობს ირა ბუთხუზი, ზაზა გახელაძის ცოლი.
წინა სხდომაზე სასამართლომ რუსი ოკუპანტების საპატრულო ჯგუფის წარმომადგენლის ჩვენება მოისმინა - რუსმა მესაზღვრემ განაცხადა, რომ დაკავებამდე ზაზა გახელაძემ თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა,მაგრამ მათთვის დამიზნებით არ უსვრია, ამის შემდეგ კი ის ერთი გასროლით ტერფში დაჭრეს.
შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, კონკრეტულად კი, სხვილოს ციხესთან მდებარე ველიდან გაიტაცეს, გატაცებამდე კი დაჭრეს.
ბოლოსწინა სხდომაზე ე.წ.-მა სამართლომ ზაზა გახელაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივა.