მოტყუებული ხალხი და ოლიგარქის უსაფუძვლო დაპირებები - ივანიშვილის ცრემლიანი მონოლგიდან ერთი წელი გავიდა

გამოქვეყნდა:

მოტყუებული ხალხი და შეუსრულებელი დაპირებები - ივანიშვილის ცრემლიანი მონოლოგიდან ერთი წელი გავიდა. ოლიგარქის მიერ ხალხისთვის მიცემული დაპირებები, რომელიც მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გასცა, ისევ დაპირებებად დარჩა. „ოცნების“ თავმჯდომარემ ქვეყანაში რადიკალური ცვლილებების ნაცვლად, მთავრობაში ძველი კადრები დააბრუნა, სოციალური შემწეობები კი, გაზრდის მაგივრად,  38 ათას ადამიანს მოუხსნა.

ემოციურ მონოლოგში ივანიშვილმა ყოფილ თანაგუნდელებსაც მიმართა და ე.წ. ძველ გვარდიას გვერდში დგომა და ყურადღება აღუთქვა. საგანგებო მიმართვის სწორედ ამ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება „ოცნებიდან“ დემარშით წასულმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ.   ბესელიას განცხადებით, ივანიშვილმა იმ ღირებულებებზე თქვა უარი, რომლითაც თავის დროზე „ქართული ოცნება“ მოვიდა. მისი თქმით, ოლიგარქმა სიმართლის მსახურებაზე უარი თქვა, რაც ბესელიასთვის წყალგამყოფი ფაქტორი აღმოჩნდა.

„მთავარი ინდიკატორი, რაც განსაზღვრავს, აი, მთავარი განმსაზღვრელი, რაც გვეუბნება ქვეყანა სწორად მიდის, თუ არა, ეს არის როგორ ეპყრობი სამართალს, სასამართლოს და როდესაც დავინახე სრულიად არასწორი დამოკიდებულება, არასწორი მიდგომა ამ თემის მიმართ, ეს იყო პირადად ჩემთვის წყალგამყოფი, რომლითაც მე მივიღე ძალიან დიდი მორალური დარტყმა ჩემთვის, როდესაც დავინახე, რომ ჩვენ ნაბიჯებს წინ არ ვდგამდით და ის დაპირება, რაც მათ შორის, ბიძინა ივანიშვილმა იმ მიმართვაში უთხრა ძველ გვარდიას, რაც ჩვენ გვითხრა, რითიც ჩვენ ერთად დავდექით თავის დროზე და პირობა მივეცით ერთმანეთს, აი, ეს ყველაფერი ჩემში დაიმსხვრა იქ, სადაც ითქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს წარსულის ჯალათები ისევ აღვაზევოთ და ეს წარსული დავაბრუნოთ ახლა აწმყოში. ეს იყო კომპრომისი წარსულთან ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. ეს იყო შეცდომა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეცდომას აუცილებლად გაიაზრებს ბიძინა ივანიშვილის, შეიძლება ის დღესაც ხვდება უკვე ამ ნაბიჯის არასწორ შინაარსს, მაგრამ თუ დღეს არა, ის აუცილებლად დაინახავს , რომ ეს იყო დიდი შეცდომა. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავდა წარსულთან კომპრომისს, რისი დაშვებაც არ შეიძლებოდა,“- განაცხადა ბესელიამ.

შეუსრულებელ დაპირებებით უკმაყოფილოა საპარლამენტო ოპოზიციაც. „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას თქმით, ივანიშვილი ამომრჩეველს ყოველ ჯერზე ატყუებს და მან ამ ტყუილებისთვის პასუხი უნდა აგოს.

 „ ეს არის მოწოდება ივანიშვილის მხრიდან, რომ ერთხელაც მომატყუებინეთ თავი, საზოგადოებას ეუბნება. ეს არის უტიფრობის გაგრძელება, თან სასაცილოა, რომ არ იყოს ეს ყველაფერი დაკავშირებული იმასთან, საით მიჰყავს მას ქვეყანა და თითოეული მოქალაქის ცხოვრება, რომ ეს კაცი საკუთარი ჯიბიდან კომფორტს ჰპირდებოდა ყველას და ამის მაგივრად, ყველას ცხოვრება საკუთარი გარემოცვის გარდა, გაართულა საერთო ჯამში, მერე, როდესაც პირველი ტურის შემდეგ იგრძნო აი, ეს სუსხი ამომრჩევლების, იქ გაფითრებული დადგა და გვითხრა, რომ აქამდე კი რაღაცეები ვერ შევძელი, მაგრამ ახლა კიდევ მაცადეთო და ახლა კიდევ მოდის მთავარი არჩევნები, სადაც მისი ბედი უნდა გადაწყდეს და დარწმუნებული ვარ, გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ახლა კიდევ გვეუბნება, რომ ერთხელაც მომატყუებინეთ თავი, თან პრაქტიკულად გეუბნებათ, რომ კი გატყუებთ, მაგრამ მოტყუვდით ძალიან გთხოვთ და აღარ უნდა მოტყუვდეს და არ მოტყუვდება ქართული საზოგადოება,“- განაცხადა ბოკერიამ.

სხვაგვარად ფიქრობს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაში ადანაშაულებს. „ქართული ოცნების“ წევრის, რატი იონათამიშვილის განმარტებით, ოპოზიცია ყველა იმ პოზიტიური  მოვლენის დისკრედიტაციას ცდილობს, რომელიც ქვეყანაში  ბიძინა ივანიშვილი წყალობით ხდება.

„ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ როდესაც გარკვეულ პოზიტივზე ხდება ფოკუსირება, ჩვენი ოპონენტები და ოპოზიცია მუდმივად ცდილობენ, რომ სხვა და სხვა თემებით მანიპულაციით მოახდინონ დისკრედიტაცია და ყურადღება გადაიტანონ სხვა თემაზე. მას შემდეგ, რაც ჩვენ იმ გრანდიოზული და უპრეცენდენტო პროექტის შესახებ, რაც წყალტუბოში უნდა განხორციელდეს ფონდი „ქართუს“ მიერ, დავინახეთ, როგორ ახალი ტალღა დაიწყო აგრესიის და ცილისწამების პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელიც ებრძვის რეალურად არა ოპონენტ პოლიტიკურ პარტიას, არამედ ებრძვის სახელმწიფოს და ეს არის ჩემთვის ძალიან სამწუხარო, იმიტომ, რომ სახელმწიფო გვეკუთვნის თითოეულ ჩვენთაგანს და არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს არ ესმით,“- განაცხადა  იონათამიშვილმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი