
ცხინვალში, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის საგაზაფხულო სესია, რომელიც პოლიტიკური კრიზისის გამო არ ტარდებოდა, დღეს რუსეთის დუმის დეპუტატთა მონაწილეობით შედგა.
რუსეთის დუმის დელეგაცია ცხინვალში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით ჩავიდა, პოლიტიკური კრიზისი კი პარლამენტის წევრთა ნაწილის მიერ ე.წ. გენპროკურორის გადადგომის მოთხოვნას მოჰყვა.
პროკურორის გადადგომის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც დაკავებული ინალ ჯაბიევის სიკვდილს, რაშიც ოჯახი ხელისუფლებას ადანაშაულებდა, ხანგრძლივი პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქციების პერიოდულად გაგრძელებისა და აქციის მონაწილეებსა და მილიციას შორის მომხდარი დაპირისპირებების ფონზე, 34-დან 17-მა ე.წ. დეპუტატმა უარი განაცხადა სხდომებში მონაწილეობაზე მანამ, სანამ ე.წ. გენპროკურორის გადაყენების საკითხი არ გაირკვეოდა, ამან კი შექმნა შექმნა რეალობა, რომ პარლამენტში კვორუმისთვის საჭირო ხმები ვერ გროვდებოდა და ე.წ. საკანონმდებლო ორგანო ვერ ახერხებდა გადაწყვეტილებების მიღებას, მათ შორის, ბიუჯეტის დამტკიცებას.
ე.წ.-მა პრეზიდენტმა ბიბილოვმა სამჯერ გაუგზავნა წერილი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ, თუმცა, სესია ორივეჯერ ჩაიშალა, კვორუმის არარსებობის გამო. ამის შემდეგ ბიბილოვი ე.წ. პარლამენტის დათხოვნას აპირებდა, თუმცა, დღეს შემდგარი სხდომის შემდეგ, სავარაუდოდ, სიტუაციის განმუხტვა რუსეთის სახელმწიფო დუმის დელეგაციამ შეძლო - მათი ჩასვლის შემდეგ კვორუმი შეივსო.
სხდომის დასრულების შემდეგ სესიის მონაწილეებმა სამახსოვროდ, ერთობლივი ფოტო გადაიღეს.