თბილისში კომენდანტის საათის დაწყებისთანავე ქვეყნის მთავარ გამზირზე დაუმორჩილებლობის მარში დაიწყო - მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები მთავრობის მიერ დაწესებულ კოვიდშეზღუდვებს არ ემორჩილებიან და ქვეყნის გახსნას ითხოვენ.
აქციის მონაწილეთა მსვლელობა ამ წუთებში მიმდინარეობს, დემონსტრანტები საყვირებით, დაფდაფებითა და ფერადი ბუშტებით მიუყვებიან რუსთაველის გამზირს და ამბობენ, რომ მოსალოდნელი ჯარიმის არ ეშინიათ.
"რა მარშრუტიც გვქონდა, ყველა ჩაკეტა პოლიციამ, ამიტომ კონკრეტული მარშრუტი არ ვიცით, მაგრამ მივდივართ მშვიდობიანად, რაც შეეხება ჯარიმებს, წერონ და იკითხონ, ჩვენ მათ ჯარიმებს არ ვემორჩილებით", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ გზის სავალ ნაწილზე გადასვლის უფლებაც აქვთ, რადგან ტრანსპორტი არ მოძრაობს - სავალ ნაწილზე მათი გადასვლის მცდელობას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა, მაგრამ დემონსტრანტთა ნაწილმა მაინც მოახერხა გზის სავალ ნაწილზე გადასვლა, სამართალდამცველები ტროტუარზე მათ დაბრუნებას ცდილობენ.