მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა. ყოფილი განათლების მინისტრი აცხადებს, რომ პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო და ინტერპრეტაციის საფუძველი არ არსებობს.
„ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო მინისტრის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ ამას არ მოჰყვება დამატებითი სპეკულაციები. ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან და ძალიან ვაფასებ მის მხარდაჭერას. მე კი, ვგეგმავ ჩემი ენერგია უკვე სისტემის გარედან დიდად ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით კვლავ მოვახმარო მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას,“- განაცხადა ბატიაშვილმა.
მიხეილ ბატიაშვილის პოსტიდან გადაგომის ფაქტს ზუგდიდის მე-6 საჯაროს სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი გამოეხმაურა. ბაჩანა შენგელია განათლების მინისტრის გადადგომას ია კერზაიას საქმეს უკავშირებს. მისი თქმით, ბატიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება იმ დროიდან იგეგმებოდა, როდესაც მან კერზაიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას ჩვენება მისცა და ფაქტიურად დანაშაული დაადასტურა.
„ ეს არ არის გადადგომა, ეს არის გათავისუფლება. ის გაათავისუფლეს თანამდებობიდან და მისი ამ გათავისუფლების მთავარი მიზეზი მე ვფიქრობ, რომ არის ია კერზაიას საქმე, ვინაიდან უკვე ძალიან აშკარაა და უკვე სტრასბურგის სარჩელის შემდეგაც, რა თქმა უნდა, ცხადია, რომ ის არის მთავარი დამნაშავე ამ საქმეში, ერთ-ერთი მთავარი, შესაბამისად, ხელისუფლებაში არ სჭირდებოდათ ადამიანი, რომელიც არის პრაქტიკულად უმძიმეს დანაშაულში და ადამიანის გარდაცვალებაში მთავარი დამნაშავე. შესაბამისად, მისი გადადგომა არის პირდაპირ კავშირში ამ საქმესთან. სხვა ვერაფრით აიხსნება მინისტრის წასვლა, რომელიც რამდენიმე თვის უკან ათ წლიან გეგმაზე გვესაუბრებოდა. მისი მინისტრობის პირობებში ვერ ხერხდებოდა ვერცერთი ინფორმაციის გამოტანა სამინისტროდან. ყველა თანამშრომელი, რომელიც დაკითხვაზე მიდიოდა პროკურატურაში წინასწარ გადიოდა კონსულტაციებს აუდიტის სამსახურში და ის მფარველობდა შიგნით იმ დამნაშავეებს, რომლებიც ფიგურირებდნენ ჩვენს საქმეში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მისი გადადგომა ხელს შეუწყობს გარკვეულწილად საქმის გამოძიებას, თუმცა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა რამდენად დადგება ჩემთვის დიდი მოლოდინი არ არის, ვინაიდან ამ საქმეშ, მოგეხსენებათ, ბატონი გახარიაც არის გარეული და შესაბამისად, არ მგონია, რომ ახლა სჭირდებოდეთ მათ მინისტრი ბატიაშვილი, რომელიც ხელს ადებს სხვა დამნაშავე პირებს,“ - განაცხადა შენგელიამ.
განათლების მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებას ია კერზაიას საქმეს უკავშირებს ოპოზიციაც, თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მიხეილ ბატიაშვილის პოსტიდან გათავისუფლებით არაფერი იცვლება, ვინაიდან ია კერზაიას საქმის მთავარი ავტორი, გიორგი გახარია პრემიერ მინისტრის პოსტს ინარჩუნებს.
„ მოხსნეს, რა თქმა უნდა, საკუთარი სურვილით წასული მინისტრი გინახავთ თქვენ ? ასეთი რამ იშვიათად ხდება. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მინისტრის რანგში მისი ყოფნა მას შემდეგ უკვე, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მიიღო ქალბატონი ია კერზაიას საქმე, მინისტრი მუდამ იქნებოდა დარტყმის ქვეშ და გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკური სიმძიმე მოეხსნათ ამ საკითხისთვის, მაგრამ ერთი მინისტრის წასვლით ამას არაფერი უშველის, იმიტომ, რომ მეორე მინისტრი, ვინც მას დაავალა პირდაპირ წინასაარჩევნოდ აი, ამ რეპრესიების ჩატარება დღეს უკვე არის პრემიერ-მინისტრი,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.